ჩაკვეტაძის შეფასება „ტრანსფერმარკტმა“ ბოლო ოთხ წელში პირველად გაზარდა - ქართველი შემტევი სლოვაკეთის ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა #1TVSPORT
ჩაკვეტაძის შეფასება „ტრანსფერმარკტმა“ ბოლო ოთხ წელში პირველად გაზარდა - ქართველი შემტევი სლოვაკეთის ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა #1TVSPORT

ახალი წლის დადგომამდე მცირე ხნით ადრე გიორგი ჩაკვეტაძისთვის კარგი ამბავი მოხდა -„ტრანსფერმარკტმა“ საქართველოს ნაკრებისა და ბრატისლავასსლოვანისშემტევის შეფასება 2,2 მილიონ ევრომდე გაზარდა.

23 წლის ქართველი შემტევის შეფასება 2,0 მილიონი ევრო იყო და გერმანულმა ინტერნეტპორტალმა მხოლოდ 200 ათასი ევროთი გაზარდა, მაგრამ აღსანიშნავი ისაა, რომ გიორგის ბოლო ოთხ წელიწადში ტრავმებით გამოწვეული უთამაშებლობის და ფორმაში არყოფნის გამო ფასი აკლდებოდა.

ჩაკვეტაძე „გენტში“ 2017 წელს გადავიდა და 2018 წლის დეკემბერში მისი შეფასება 9 მილიონი ევრო გახდა – მაშინ გიორგი ქართველ მოთამაშეებს შორის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იყო. ასე გაგრძელდა ერთი წელი, მაგრამ შემდეგ დაიწყო გაუთავებელი ტრავმები და უთამაშებლობა. შედეგად, „ტრანსფერმარკტმა“ საქართველოს ნაკრების შემტევის შეფასება 4 წელიწადში 2,0 მილიონ ევრომდე შეამცირა.

ახლანდელი შეფასების გაზრდა პირველი დადებითი მოვლენაა 2018 წლის შემდეგ და გიორგი ჩაკვეტაძე თანაგუნდელ ტიგრან ბარსეგიანთან ერთად ახლა სლოვაკეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ოთხი საგოლე გადაცემით კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ასისტენტებში მეორე ადგილზე გავიდა.