ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემა და მოპოვებული პენალტი - „სლოვანმა“ მოიგო და კონფერენს ლიგის პლეიოფში გავიდა #1TVSPORT
ქართული სამეულის ბრატისლავას „სლოვანმა“ კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ვილნიუსში „ჟალგირისთან“ მოიგო 2:1 და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. „სლოვანს“ პლეიოფში გასვლის რეალური შანსი ჰქონდა, რადგან H ჯგუფში 8 ქულით პირველ ადგილზე იყო და მიზანს ქულის მოპოვების შემთხვევაშიც მიაღწევდა.
ვლადიმირ ვაისმა სამივე ქართველი ათამაშა – გურამ კაშია, გიორგი ჩაკვეტაძე და დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნებული ჯაბა კანკავა (ყვითელი მიიღო).
ჩაკვეტაძე პირველ ტაიმში გამორჩეული იყო და ორი გოლი სწორედ მისი შესანიშნავი თამაშის შემდეგ გავიდა. ანგარიში მე-15 წუთზე გიორგის განვითარებული შეტევით ალეკსანდრ ჩავრიჩმა გახსნა 1:0. 23-ე წუთზე კი ჩაკვეტაძე საჯარიმოში შევარდა და კარის წინ ისევ ჩავრიჩი მოძებნა, რომელმაც დუბლი შეასრულა, ქართველმა შემტევმა კი – ასისტი გაიფორმა 2:0.
მეორე ტაიმში ანგარიში სწრაფად შეიცვალა, ლიეტუველებმა 47-ე წუთზე სხვაობა ფრანსის კერემეს გოლით შეამცირეს. გიორგიმ 56-ე წუთზე კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და ორ მცველს შუა მოქცეულმა ერიკ რამირესი მეკარესთან მარტო დატოვა, მაგრამ „სლოვანის“ შემტევმა მომენტით ვერ ისარგებლა. 69-ე წუთზე მორიგი შესანიშნავი პასით მეკარესთან პირისპირ ვლადიმირ ვაისი უმცროსი დატოვა და მანაც კარს ააცილა. გიორგიმ 89-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, თავად დაარტყა და ძელს მოარტყა, მართალია, დამატებაზე გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს, რადგან ამ დროს დამრტყმელს მეორე შეხების უფლება არ გააჩნია. 90+2-ე წუთზე კი მოედანი დატოვა.
საბოლოოდ, სლოვაკეთის ჩემპიონმა, „სლოვანმა“ კონფერენს ლიგის H ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გავიდა.