ჩაკვეტაძის პასი კონფერენს ლიგაზე - „სლოვანმა“ „ბაზელთან“ მოგება ხელიდან გაუშვა [ვიდეო] #1TVSPORT
კონფერენს ლიგის მე-4 ტურში ბრატისლავის „სლოვანმა“ შვეიცარიულ „ბაზელს“ უმასპინძლა, გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ მოგება ხელიდან გაუშვა – 3:3.
ვლადიმირ ვაისმა „სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში სამივე ქართველი მოთამაშე დააყენა – გურამ კაშია, ჯაბა კანკავა (ყვითელი მიიღო) და გიორგი ჩაკვეტაძე. ტრავმა, რომელიც შვეიცარიელებთან წინა შეხვედრაში ჩაკვეტაძემ მიიღო, საბედნიეროდ, სერიოზული არ აღმოჩნდა და კვლავ მოედანზე ვიხილეთ.
სლოვაკებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, მაგრამ 29-ე წუთზე ანგარიში შვეიცარიელებმა გახსნეს. მასპინძლების კარში დანიშნული პენალტი დარიან მალესმა ზუსტად შეასრულა. „სლოვანის“ ფეხბურთელებმა პირველი რეალური საგოლე მომენტი 43-ე წუთზე შექმნეს, ჩაკვეტაძის ძლიერი დარტყმის შემდეგ „ბაზელი“ მეკარემ გადაარჩინა. თუმცა, 45-ე წუთზე იმავე ჩაკვეტაძის წამოწყებული შეტევის შემდეგ სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ვლადიმირ ვაისმა გოლად აქცია და შესვენებამდე წონასწორობა აღადგინა – 1:1.
„სლოვანმა“ მეორე ტაიმს შესანიშნავად დაიწყო, რაშიც ჩაკვეტაძემ თავისი როლი ითამაშა. მისი მოწოდებული კუთხურის შემდეგ, 50-ე წუთზე იურაი კუცკამ „ბაზელის“ კარი თავით აიღო. ერთ წუთში კი მომენტის გმირი გურამ კაშია გახდა, რომელმაც მეკარესთან პირისპირ გასულ ენდი პელმარს ბურთი ოსტატურად, სუფთად აართვა და გუნდი გოლს გადაარჩინა. 53-ე წუთზე კი ალექსანდარ ჩავრიჩმა შვეიცარიელებს მესამეც გაუტანა და „სლოვანი“ 3:1 დაწინაურდა.
თუმცა ვლადიმირ ვაისის გუნდმა ორბურთიანი უპირატესობა ხელიდან გაუშვა. „ბაზელმა“ ბოლომდე იბრძოლა და 65-ე წუთზე სლოვაკების უპირატესობა მინიმუმამდე ენდი დიუფმა შეამცირა, 7 წუთში კი ავდი ზაქირიმ კასიას დაასწრო, ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა და მეტოქეებმა ქულები გაინაწილეს – 3:3.
4 ტურის შემდეგ კონფერენს ლიგის H ჯგუფში 5 ქულით „სლოვანი“ ისევ მესამე ადგილზეა და პლეი ოფში თამაშის თეორიულ შანსს ინარჩუნებს.