ჩაკვეტაძის გარეშე - „უოტფორდმა“ „ვესტ ბრომვიჩთან“ მხოლოდ ქულა მოიპოვა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ინგლისის ჩემპიონშიპში „ვესტ ბრომვიჩს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.
ინგლისში გადასვლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს „უოტფორდში“ არ უთამაშია და შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან უყურა.
ჩემპიონშიპის მეშვიდე ტურის შეხვედრა „უოტფორდისთვის“ სასურველი სცენარით დაიწყო. უკვე მე-3 წუთზე გუნდი ტომ ინსმა დააწინაურა, მაგრამ „ვესტ ბრომვიჩმა“ ჯერ (მე-14 წუთი) ჯონ სვიფტის ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო სამ წუთში ჯედ უოლასმა გუნდი წინ გაიყვანა.
„უოტფორდმა“ მხოლოდ წონასწორობის აღდგენა შეძლო – 23-ე წუთზე სტუმართა კარი მათეუს მარტინსმა აიღო და საბოლოო ანგარიში პირველივე ტაიმში დააფიქსირა – 2:2.
შვიდი ტურის შემდეგ მოპოვებული 9 ქულით ჩაკვეტაძის გუნდი სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.