ბელგიის „გენტში“ მომავალი სეზონიდან ორი ქართველი ითამაშებს – გიორგი ჩაკვეტაძის გვერდით, მალე გიორგი ბერიძეც გამოჩნდება.
21 წლის ქართველი თავდამსხმელი ამჟამად საქართველოს ნაკრების ავსტრიულ შეკრებაზეა. მისი ტრანსფერი ბელგიურ კლუბს ეკუთვნის, მაგრამ 2017 წლის იანვარში სლოვაკეთის „ტრენჩინში“ იჯარით გაუშვეს, სადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.
„ჩვენ გვსურს, რომ გიორგის ჩვენთან ჩატარებული თამაშებისთვის მადლობა გადავუხადოთ. საწყენი იყო, თურქეთში, ზამთრის მოსამზადებელი ეტაპზე რომ დაშავდა და სეზონის ნაწილი გაუცდა. ვიცოდით, რომ ბერიძეს დიდი პოტენციალი ჰქონდა და ბოლოს და ბოლოს, ჩვენთვის გადამწყვეტ ორ შეხვედრებში მან ეს გამოავლინა. ამიტომ მიმაჩნია, რომ „ტრენჩინში“ მან საკუთარი მისია შეასრულა“, – განაცხადა „ტრენჩინის“ ოფიციალურ ვებგვერდთან კლუბის გენერალურმა დირექტორმა რობერტ რუბნიჩეკმა.
მოკლე კომენტარი თავად ბერიძემაც გააკეთა: „ბელგიიდან წამოსულმა, „ტრენჩინის“ ფორმით ევროპის ლიგაში ვითამაშე, რაც ჩემს კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯი იყო. მადლობა კლუბსა და გულშემატკივრებს ყველაფრისთვის“.