ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - „უოტფორდი“ „საუთჰემპტონთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „საუთჰემპტონს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ინგლისის ჩემპიონშიპის 43-ე ტურის შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, შეუცვლელად ითამაშა და წაგების მიუხედავად, გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება – 6,6 ქულა მიიღო.
„საუთჰემპტონი“ სმოლბოუნის (პირველივე წუთზე) და ადამსის (20) გოლებით სწრაფად დაწინაურდა. „უოტფორდმა“ 34-ე წუთზე პორთეუსის გოლით სხვაობის შემცირება და თამაშში დაბრუნება მოახერხა.
ქართველის გუნდს ერთ-ერთ ლიდერთან ქულის მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა, რადგან 85-ე წუთზე კონემ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ 90+9-ე წუთზე დაუნსმა სტუმართა კარი მესამედ აიღო და „საუთჰემპტონმა“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
„უოტფორდი“ 43 ტურის შემდეგ 53 ქულით მე-14 პოზიციაზეა, პრემიერლიგაში გადასვლის თეორიული შანსიც დაკარგა, მაგრამ ლიგიდან გავარდნის საფრთხე თავიდან აიცილა.