ჩაკვეტაძემ, შესაძლოა, „ბრიუგესთან“ ითამაშოს - ნაკრების შემტევი მოედანზე დასაბრუნებლად სრული დატვირთვით ემზადება [ვიდეო]
„გენტი“ ბელგიის პირველი დივიზიონის 28-ე ტურის მატჩისთვის ემზადება. ჰეინ ვანჰეზებრუკის გუნდი 28 თებერვალს „გელამკო არენაზე“ გათამაშების ლიდერს, „ბრიუგეს“ მიიღებს, რომელიც (63 ქულა) უახლოეს მდევარს, „ანტვერპენს“ (48) საგრძნობლად უსწრებს.
„გენტი“ 37 ქულით ჯერ მე-12 ადგილზეა და მისთვის გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ მთავარი სხვა რამაა – გიორგი ჩაკვეტაძე ჯანმრთელადაა და მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება.
საქართველოს ნაკრების იმედმა მიმდინარე სეზონში „გენტში“ მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა, რადგან ტრავმები აწუხებდა. ბოლოს ის მოედანზე 10 ოქტომბერს „ბეერსჰოტთან“ მატჩში გამოჩნდა. მაგრამ ტრავმა გაიმიზეზა და გარდა იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევრო 2020-ის პლეი ოფში ვერ დაეხმარა, მოედანზე სრულფასოვანი დაბრუნება კიდევ რამდენიმე თვით გადადო.
ხუთი თვის შემდეგ გიორგიმ მოახერხა ტრავმის მორჩენა, 15 თებერვალს კი „მუსკრონის“ სარეზერვო გუნდთან ამხანაგურ მატჩში გამოჩნდა. „გენტის“ დუბლშემადგენლობამ 9:2 მოიგო. საქართველოს ნაკრების შემტევმა კი გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.
გიორგი ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად სრული დატვირთვებით ემზადება და არაა გამორიცხული, „ბრიუგესთან“ შეხვედრაში „გენტის“ რიგებში ვიხილოთ. 21 წლის ქართველი შემტევი, რომ უკვე ჯანმრთელადაა, ამას ბელგიური კლუბის გავრცელებული ვიდეომასალაც მეტყველებს. ეს მარტის მოახლოებულ სანაკრებო თამაშებამდე დამაიმედებელი ამბავია.