ჩაკვეტაძემ შეცვლაზე ითამაშა, კიტეიშვილმა საგოლე პასი შეასრულა - „შტურმმა“ „ზალცბურგს“ გადაასწრო #1TVSPORT
სანაკრებო მატჩებიდან ინგლისში დაბრუნებულმა გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდში“ „შეფილდ უენსდეის“ წინაააღმდეგ ითამაშა. ქართველის გუნდმა 1:0 მოიგო.
ჩემპიონშიპის მე-12 ტურის შეხვედრაში „უოტფორდმა“ მეტოქეს საკუთარ სტადიონზე უმასპინძლა. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სათადარიგოთა შორის იყო. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
მასპინძელთა მწვრთნელმა, ვალერიენ ისმაელმა შეტევების გასაძლიერებლად 62-ე წუთზე მოედანზე ჩაკვეტაძე შეუშვა, ხოლო 78-ე წუთზე კოლუმბიელი შემტევი იასერ ასპრილია, რომელმაც ზუსტად ოთხ წუთში გოლი გაიტანა და „უოტფორდს“ მოაგებინა. ჩაკვეტაძის გუნდმა 12 ტურის შემდეგ 13 ქულა დააგროვა და ინგლისის ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა.
ავსტრიის ბუნდესლიგაში თავი გამოიჩინა ოთარ კიტეიშვილმა. გრაცის „შტურმმა“ „ჰარტბერგს“ უმასპინძლა და 2:1 მოიგო. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გრაცელების ძირითად შემადგენლობაში იყო. მე-13 წუთზე ოთარმა საგოლე გადაცემა შეასრულა და „შტურმმა“ ანგარიში გაათანაბრა, 41-ე წუთზე კი კიტეიშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო.
11 ტურის შემდეგ „შტურმმა“ 27 ქულა დააგროვა, „ზალცბურგი“ ოთხი ქულით გადაასწრო და ერთპიროვნული ლიდერია.