ჩაკვეტაძემ სეზონი შედეგიანი გადაცემით გახსნა - „სლოვანმა“ ჩეხური კლუბი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ბრატისლავის „სლოვანმა“ საკონტროლო მატჩი ჩაატარა ბრნოს „ზბროევკასთან“ და 2:1 დაამარცხა, რაშიც გიორგი ჩაკვტეტაძემ დიდი როლი ითამაშა.
ჩეხეთის უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონის გუნდთან მატჩის პირველ ტაიმში „სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ჯაბა კანკავა იყო, ხოლო მეორე ტაიმში მოედანზე გურამ კაშია და გიორგი ჩაკვეტაძე გამოჩდნენ.
სენიცაში გამართულ მატჩში ანგარიში მე-19 წუთზე „ზბროევკას“ შემტევმა მიხალ შევჩიკმა გახსნა. ბრატისლაველებმა წონასწორობა მალე აღადგინეს – 26-ე წუთზე მოედნის ცენტრში გადაცემა ჯაბა კანკავამ ჩაჭრა, შეტევა კი ალექსანდარ ჩავრიჩმა დააგვირგვინა – 1:1.
82-ე წუთზე ჩაკვეტაძის შესრულებული ჯარიმის შემდეგ „სლოვანის“ თავდამსხმელს გატანა შეეძლო, მაგრამ მცველმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. სტანდარტი კვლავ გიორგიმ შეასრულა და მისი გადაცემის შემდეგ იურაი კუცკამ „სლოვანი“ დააწინაურა 2:1.
89-ე წუთზე ჩაკვეტაძის წამოწყებული შეტევის შემდეგ „სლოვანს“ მესამე გოლის გატანის რეალური შანსი გაუჩნდა, მაგრამ სლოვაკების თავდამსხმელს ჩეხმა მცველმა ბურთი აართვა და ვითარება განმუხტა, ბრატისლაველებმა კი 2:1 მოიგეს.
ბრატისლავის „სლოვანი“ ამის შემდეგ ავსტრიაში გაემგზავრება, სადაც კიდევ ორ საკონტროლო მატჩს გამართავს – ვალდიმირ ვაისის გუნდი 25 იანვარს „სენტ პოლტენს“ დაუპირისპირდება, ხოლო 28 იანვარს – „ზალცბურგს“.