ჩაკვეტაძემ პაუზის შემდეგ ძირითადში ითამაშა - ქეცბაიას „ანორთოსისმა“ ბელგრადში იბრძოლა, მაგრამ კონფერენს ლიგიდან გამოვარდა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძე გარკვეული პაუზის შემდეგ ბელგიურ „გენტში“ გამოჩნდა და კონფერენს ლიგაზე ითამაშა, ხოლო მისი გუნდი ტურნირის პლეი ოფის ეტაპზე გავიდა.
კონფერენს ლიგის „ბ“ ჯგუფში ქართველი ფეხბურთელის გუნდმა პირველი ადგილი ერთი ტურით ადრე გაინაღდა. ახლა მხოლოდ ის იყო დასაზუსტებელი, გუნდი რამდენ ქულასა და თანხას დააგროვებდა.
ბელგიელების მეტოქე ესტონური „ფლორა“ იყო, რომელსაც თემურ ქეცბაიას „ანორთოსისის“ მსგავსად 5 ქულა ჰქონდა და შემდეგ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსი ჰქონდა. მაგრამ „გენტმა“ ეს იმედები გადაუწურა – 51-ე წუთზე ესტონელების კარი ბრუნო ჯანიმ აიღო, „გენტმა“ საბოლოოდ 1:0 მოიგო და გაზაფხულზე კონფერენს ლიგის პირველი თასის მოპოვებისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, ის „გენტის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს. ცნობილია, რომ ის კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჰაინ ვანჰაზებრუკმა გააკრიტიკა და ამის გამო ბოლო პერიოდში ბელგიის ჩემპიონატის და კონფერენს ლიგის შეხვედრები გამოტოვა. ამიტომ მისი ძირითადში გამოჩენა დამაიმედებელი ამბავი უნდა იყოს.
კონფერენს ლიგის „ბ“ ჯგუფის ბოლო ტურში პარალელურად მიმდინარე მატჩში ბელგრადში „პარტიზანმა“ თემურ ქეცბაიას „ანორთოსისთან“ 1:1 ითამაშა და 8 ქულით მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ 6 ქულით მესამე პოზიცია დაიკავა და ტურნირს დაემშვიდობა.
„ანორთოსისმა“ კონფერენს ლიგის ბოლო ტურში ბელგრადში „პარტიზანთან“ ჯგუფური ეტაპის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა, მაგრამ ვერ მოიგო და გათამაშებას გამოეთიშა.
ქართველი მწვრთნელის გუნდს ბოლო ტურამდე ჰქონდა თეორიული შანსი, რომ ახალი ევროპული ტურნირის პლეი ოფის ეტაპზე გასულიყო. მაგრამ საამისოდ, ბელგრადში მხოლოდ მოგება აწყობდა. თუმცა, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.
სერბები მე-20 წუთზე მარკო მილოვანოვიჩმა დააწინაურა. „ანორთოსისი“ ვეტერანმა ნახევარმცველმა ლაზაროს ხრისტოდოლოპულოსმა 33-ე წუთზე პენალტით წონასწორობა აღადგინა და კვიპროსელებს იმედი გაუჩნდა, რომ სასურველ შედეგს მიაღწევდნენ.
თუმცა, საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა, ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და გათამაშებას გამოეთიშა. გიორგი ლორია სათადარიგოებში იყო, ხოლო ნიკა კაჭარავა მოედანზე 68-ე წუთზე გოლის ავტორის, ხრისტოდოლოპულოსის ნაცვლად გამოჩნდა.
B ჯგუფი
1. გენტი – 6 – 13
2. ფლორა – 6 – 8
3. ანორთოსისი – 6 – 6
4. ფლორა – 6 – 5