ჩაკვეტაძემ „მანჩესტერ სიტისთან“ საგოლე პასი შეასრულა - „უოტფორდი“ ლიგის თასზე დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის ლიგის თასზე პრემიერლიგის გრანდთან, „მანჩესტერ სიტისთან“ საგოლე გადაცემა შეასრულა, მაგრამ „უოტფორდი“ 2:1 დამარცხდა.
თასის 1/16-ფინალურ შეხვედრაში ქართველი შემტევი ნახევარმცველი მოულოდნელად „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში არ იყო – გუნდის მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმ გიორგი თავიდან სათადარიგოთა სკამზე დასვა და მოედანზე 61-ე წუთზე შეუშვა.
ფავორიტი პეპ გვარდიოლას გუნდი იყო, რომელმაც სტატუსი სწრაფად (მე-5 წუთზე) დაადასტურა – „უოტფორდის“ მეკარის და მცველების დაბნეულობით ჯერემი დოკუმ ისარგებლა და „მანჩესტერ სიტი“ წინ გაიყვანა. 68-ე წუთზე კი მათეუშ ნუნიესმა მანჩესტერელების უპირატესობა გაზარდა.
ჩაკვეტაძის შესვლამ „უოტფორდის“ თამაში აშკარად გაამწვავა. გიორგიმ 67-ე წუთზე კარგი მომენტი შექმნა – მეტოქეს ბურთი აართვა, მწვავე კონტრშეტევა წამოიწყო და კვადვო ბააჰის გაუგრძელა, რომელმაც ბურთი კარს ააცილა.
ხუთ წუთში ქართველმა შემტევმა თავად სცადა გატანა და მცველმა ბურთი დაბლოკა, მაგრამ 82-ე წუთზე ჩაკვეტაძის გადაცემით გოლი მაინც გავიდა – ტომ ინსმა სხვაობა ეფექტური დარტყმით შეამცირა.
„უოტფორდმა“ ბოლო წუთებზე ინგლისური ფეხბურთის გრანდს დიდი ძალებით შეუტია, თუმცა, თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა და ლიგის თასის გათამაშებას გამოეთიშა.