ჩაკვეტაძემ ისევ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა - „უოტფორდი“ - „საუთჰემპტონის“ გამარჯვებული გადათამაშებაში გამოვლინდება #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ინგლისის ასოციაციის თასზე „საუთჰემპტონს“ უმასპინძლა და ამ დაპირისპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა – 1:1.
საქართველოს ნაკრების მოთამაშემ, როგორც ჩანს, „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და მთავარ მწვრთნელმა, ვალერიენ ისმაელმა ამჯერადაც სასტარტო თერთმეტეულში დააყენა (45-ე წუთზე გააფრთხილეს) და მხოლოდ 86-ე წუთზე შეცვალეს, რაც ჩაკვეტაძის ფიზიკურ ფორმაზე კარგად მეტყველებს.
მსოფლიოში უძველესი საფეხბურთო ტურნირის (1871-72 სეზონიდან ტარდება) 1/16-ფინალურ დაპირისპირებაში ანგარიში „უოტფორდმა“ მე-5 წუთზე მათეუშ მარტინშის გოლით გახსნა. თავის გამოჩენის შანსი ჩაკვეტაძესაც ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მეკარემ ნახტომში მოიგერია.
„უოტფორდი“ გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ 89-ე წუთზე „საუთჰემპტონის“ ნახევარმცველმა, სტიუარტ არმსტრონგმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.
ინგლისის ასოციაციის თასის დებულების მიხედვით, ფრის შემთხვევაში გადათამაშება გაიმართება. ამიტომ გუნდები ერთმანეთს მეორედ 5 თებერვალს დაუპირისპირდებიან და შემდეგ ეტაპზე გასული გუნდი „ლივერპული“ – „ნორვიჩ სიტის“ წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.