ჩაკვეტაძემ ინგლისში სეზონის სტარტზე გაიბრწყინა - „უოტფორდმა“ გასვლით მატჩში „მილუოლი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის ჩემპიონშიფში სეზონი „მილუოლთან“ გატანილი ბურთით გახსნა, „უოტფორდმა“ კი მეტოქე 2:3 დაამარცხა და სეზონში პირველი სამი ქულა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 8-ნომრიანი მაისურით პირველად გამოჩნდა. გიორგი 90+4-ე წუთზე შეცვალეს, ის სტუმრების შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული და სასარგებლო მოთამაშე იყო.

ქართველი ნახევარმცველის გუნდი 23-ე წუთზე კონგოელმა თავდამსხმელმა, ედო კაიემბემ დააწინაურა. „უოტფორდმა“ უპირატესობა 55-ე წუთზე ჩაკვეტაძის შესანიშნავი გოლით გაზარდა – გიორგიმ დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო ეფექტურად შეასრულა და 2023 წლის 26 დეკემბერს „ბრისტოლთან“ საშინაო მატჩის შემდეგ პირველად გაიტანა.

„მილუოლმა“ ანგარიში გაათანაბრა – დანკან უოთმორმა 74-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, 88-ე წუთზე კი წონასწორობა აღადგინა. მაგრამ 90-ე წუთზე მილეტა რაიოვიჩმა „უოტფორდი“ ისევ დააწინაურა და სეზონის პირველი გამარჯვება მოუტანა – 3:2.