ჩაკვეტაძემ ძირითადში პირველად ითამაშა - „უოტფორდი“ „სანდერლენდთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ინგლისის ჩემპიონშიპის მე-10 ტურში გიორგი ჩაკვეტაძემ პირველად ითამაშა „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში, რომელიც „სანდერლენდს“ სტუმრად დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.
ქართველი შემტევი პირველ ტაიმში აქტიური იყო და შეტევების კარგ გაგრძელებას პოულობდა. 21-ე წუთზე ჩაკვეტაძემ ქუსლით ეფექტური გადაცემით შეტევა ლუისს გაუგრძელა, მაგრამ მან ბურთი მიზანს ააცილა. ტაიმის მიწურულს გიორგიმ კარში დაარტყა, თუმცა არაზუსტად.
ანგარიში „სანდერლენდმა“ 43-ე წუთზე გახსნა – შეტევა ზუსტი დარტყმით ნილ ჰაგინსმა დააგვირგვინა. 61-ე წუთზე მასპინძლების უპირატესობა აბდულა ბამ გაზარდა. გიორგიმ კიდევ ერთხელ სცადა შორეული დარტყმით გატანა და სხვაობის შემცირება, მაგრამ მიზანს ააცილა, 65-ე წუთზე კი შეცვალეს.
87-ე წუთზე არბიტრმა „უოტფორდის“ მცველი რაიან ენდრიუსი მოედნიდან გააძევა და სტუმართა იმედებს წერილი დაუსვა. საბოლოოდ, „სანდერლენდმა“ 2:0 მოიგო. ჩაკვეტაძის გუნდი 10 ტურის შემდეგ 9 ქულით დარჩა და 24-გუნდიანი ტურნირის სატურნირო ცხრილში კრიტიკულ 21-ე პოზიციაზეა.