ჩაკვეტაძემ ძირითადში ითამაშა - „უოტფორდმა“ აუტსაიდერი ვერ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო „შეფილდ უენსდეითან“ შეხვედრაში, რომელიც უგოლოდ დასრულდა – 0:0.
„უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელი ვალერიენ ისმაელი ბოლო მატჩებში საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს ენდობა და სასტარტო თერთმეტეულში სისტემატურად ათამაშებს. ამჯერადაც ასე მოხდა და ჩაკვეტაძემ მოედანზე 85 წუთი დაჰყო.
29-ე ტურის დაპირისპირება „უოტფორდმა“ ინგლისის ჩემპიონშიპის ერთ-ერთ აუტსაიდერ „შეფილდთან“ გასვლაზე ჩაატარა. ქართველის გუნდს თამაშის მოგების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ მომენტებით ვერ ისარგებლა და საბოლოოდ ქულას დასჯერდა.
ინგლისის ჩემპიონშიპში გამართული 29 ტურის შემდეგ „უოტფორდმა“ 41 ქულა დააგროვა და მეცხრე ადგილზეა, მაგრამ პრემიერლიგის პლეი ოფის ზონას მხოლოდ სამი ქულა აშორებს.