ჩაკვეტაძემ ძირითადში დაიწყო - ქართველმა ეფექტური დრიბლინგი ვერ დაასრულა
ბელგიის ჩემპიონატის მე-5 ტურის შეხვედრაში „გენტი“ გასვლაზე „ეუპენს” დაუპირისპიდა და 1:2 დამარცხდა.
გიორგი ქვილითაია განაცხადში ამჯერადაც არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩამდე ბელგიური გამოცემა „ნიუსბლადთან“ „გენტის“ მთავარი მწვრთნელი ლასლო ბოლონი ლაპარაკობდა, რომ დიდი ალბათობით, „ეუპენის“ წინააღმდეგ გიორგი ჩაკვეტაძეს ვერ გამოიყენებდა, საქართველოს ნაკრების შემტევი ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა.
ჩაკვეტაძემ 76 წუთი ითამაშა და შეცვალეს. მან მე-15 წუთზე ძველი დრო გაიხსენა, მშვენიერი დრიბლინგით 4 მცველს გაცდა და გატანა შეეძლო, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. ჩაკვეტაძის შეცვლამდე „გენტის” კამერუნელი მცველი მაიკლ ნგადე მოედნიდან გააძევეს და ქართველის გუნდმა დარჩენილი წუთები კაცნაკლულმა ჩაატარა.
ბელგიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მოქმედი ვიცე-ჩემპიონი „გენტი“ ძალიან სუსტად გამოიყურება – ლასლო ბოლონის გუნდმა 5 ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა დააგროვა და 18-გუნდიან ტურნირზე მე-15 ადგილზეა.