ჩაკვეტაძემ ავსტრიელებთან გაიბრწყინა - „სლოვანი“ „სანქტ-პელტენს“ დაუზავდა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძემ შესანიშნავად ითამაშა ბრატისლავას „სლოვანის“ შემადგენლობაში, რომელმაც მოსამზადებელ ეტაპზე მეორე საკონტროლო მატჩი ავსტრიაში „სანქტ-პელტენთან“ 2:2 დაასრულა.
ვლადიმირ ვაისის გუნდმა სლოვაკეთში „ბრნოს“ დამარცხების (2:1) შემდეგ ავსტრიაში გადაინაცვლა, სადაც ორი მოსამზადებელი მატჩი დაგეგმა. ავსტრიის რანგით მეორე ლიგის ლიდერ „სანქტ-პელტენთან“ შეხვედრაში ვლადიმირ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში სამივე ქართველი დააყენა – გურამ კაშია, ჯაბა კანკავა (ორივე 72-ე წუთზე შეცვალეს) და გიორგი ჩაკვეტაძე.
მე-12 წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ ანგარიში იარომირ ჟმრალმა გახსნა და ბრატისლაველებმა ტაიმი 1:0 მოიგეს. ავსტრიელებმა მეორე ტაიმში შეუტიეს და 54-ე წუთზე რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ კაშიამ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა და „სლოვანი“ გოლისგან იხსნა.
59-ე წუთზე ავსტრიელებმა წონასწორობა მაინც აღადგინეს. სლოვაკების კარი ტომას სალამონმა აიღო. სტუმართა შორის ყველაზე მწვავედ ჩაკვეტაძე უტევდა და 69-ე წუთზე სლოვაკურმა კლუბმა მიზანს მისი წამოწყებული შეტევით მიაღწია. ქართველმა ლეგიონერმა ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან მიიღო, მთელი სისწრაფით კარისკენ დაიძრა, მარცხენა ფლანგზე მცველს გასცდა და შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ ვლადიმირ ვაისი უმცროსი დატოვა, რომელმაც „სლოვანი“ მეორედ დააწინაურა – 2:1.
თუმცა, სლოვაკებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. 74-ე წუთზე ლუის ჰარტვიგმა ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა. 87-ე წუთზე ჩაკვეტაძემ საჯარიმოში მცველი მოატყუა და კიდევ ერთხელ სცადა „სლოვანის“ წინ გაყვანა, მაგრამ მეკარემ საიმედოდ ითამაშა და საბოლოოდ მატჩი 2:2 დასრულდა.
„სლოვანი“ შეკრებაზე ყველაზე რთულ შეხვედრას 28 იანვარს გამართავს – ვაისის გუნდი ავსტრიის ბუნდესლიგის ლიდერს, „ზალცბურგს“ დაუპირისპირდება.