ქართველების „გენტი“ ბელგიის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩს დღეს გამართავს. გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გუნდი, „ვაასლანდთან“ სტუმრად ითამაშებს.
წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჩაკვეტაძე, განაცხადში ისევ ვერ მოხვდება. ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა.
„მიუხედავად ბევრი შრომისა და მცდელობისა, სამწუხაროდ მისთვის თამაში ჯერ ადრეა, იმედია შემდეგი შეხედვრისთის ის ბოლომდე მზად იქნება“,- ამბობს იეს ტორუპი.
შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ მუხლი „სენტ ტრუიდენთან“ სათასო შეხვედრაში დაიზიანა. თითქმის თვენახევრიანი იძულებითი შესვენების შემდეგ კი ისევ თასზე, ორი კვირის წინ„ოსტენდესთან“ დაუბრუნდა და ტრავმა გაურთულდა, რის შემდეგაც მოედანზე აღარ გამოჩენილა.
„გენტი“ ბელგიის ჩემპიონატის რეგულარული სეზონის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე, სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა და ექვსეულში მოსახვედრად იბრძვის. დღევანდელი მატჩის განაცხადში, გიორგი ქვილითაია იქნება, რომელსაც მიმდინარე სეზონში ორი გოლი აქვს გატანილი. „ვაასლანდისა“ და „გენტის“ შეხვედრა თბილისის დროით 23:30-ზე დაიწყება.