ჩაკვეტაძე „სლოვანში“ საუკეთესოა, კაშია სამეულშია - ქართველი შემტევი უეფა-მაც აღიარა #1TVSPORT
სლოვაკურმა სპორტულმა გამოცემამ, DENNÍKA ŠPORT-მა ბარტისლავას „სლოვანის“ მოთამაშეების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საუკეთესოთა სამეულში ორი ქართველია – გიორგი ჩაკვეტაძე და გურამ კაშია.
ორწლიანი ჩავარდნის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე ფორმაში რომ შედის, ეს რეიტინგზეც მეტყველებს. 23 წლის ქართველი შემტევი კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გასულ გუნდში 10-ბალიანი სისტემით საუკეთესოა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია კი მესამე ადგილზეა.
DENNÍKA ŠPORT-ის მიხედვით „სლოვანის“ ტოპ-3 მოთამაშის რეიტინგი ასე გამოიყურება:
1. გიორგი ჩაკვეტაძე 7.36
2. მენტი აბენა 7.30
3. გურამ კაშია 7.22
მეორე სლოვაკური გამოცემა sport.aktuality კი „სლოვანის“ დადებით მხარეებში ქართველის დამატებას თვლის.
„ბრატისლავას გუნდმა გააღწია ევროპული შეჯიბრების გაზაფხულის ეტაპზე, რაც ბოლოს სლოვაკური კლუბებიდან „პეტრჟალკამ“ 2005/06 სეზონში შეძლო. მძიმე შემოდგომის მიუხედავად, სადაც რთული ევროპული თამაშებიც იყო და სულ 35 მატჩისგან შედგებოდა, „სლოვანი“ ლიდერობს ჩემპიონატში. ამაში დიდია ახალწვეულების როლი. ჩაკვეტაძის, კუცკასა და რამირესის ძლიერი მხარეების გამოყენებით ვლადიმირ ვაისის გუნდის თამაში გაუმჯობესდა“, – წერს sport.aktuality.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე კონფერენს ლიგის საუკეთესო ასისტენტებს შორის 4 პასით მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ „ფიორენტინას“ შემტევს, კრისტიან კუამეს (5 პასი) ჩამორჩა.
ქართველი ფეხბურთელი კონფერენს ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ უეფა-მაც აღიარა და მას ვიდეოც მიუძღვნა.