გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ ტრავმირებულია, მაგრამ ტრავმის სიმძიმე ჯერ უცნობია, – ინფორმაციას ბელგიური გამოცემა voetbalnieuws ავრცელებს.
„იქნება კი როდესმე გიორგი ჩაკვეტაძე კარგად? 21 წლის ფეხბურთელი, ერთადერთი ქართველებიდან, ვინც „გენტში“ გამორჩეულად ნიჭიერად მიიჩნეოდა და როგორც ჩანდა, ამ მოლოდინებს ამართლებდა – სანამ ტრავმების სერიამ არ გვაიძულა დავფიქრებულიყავით. ბოლოს ისე ჩანდა, რომ ჩაკვეტაძე, ბოლოსდაბოლოს, ბრუნდებოდა, რადგან სანაკრებო შესვენების დროს მან „გენტის“ ამხანაგურ მატჩებში საკმაოდ დიდი სათამაშო დრო მიიღო. თუმცა, „სტანდარტთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე, „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰაინ ვანჰეზებრუკმა შემაშფოთებელი ინფორმაცია გაავრცელა ქართველის შესახებ, რომლის ტრანსფერიც ერთი წლის წინ, ცხრა მილიონ ევროდ შეფასდა, მაგრამ მას შემდეგ მუდმივად მუხლის პრობლემა აწუხებდა“, – წერს გამოცემა.
voetbalnieuws „გენტის” მთავარი მწვრთნელის, ჰაინ ვანჰეზებრუკის კომენტარს აქვეყნებს: „ჩაკვეტაძეს ბოლო მომენტში ვარჯიშიდან გასვლა მოუხდა და მხოლოდ გუშინ შეძლო გუნდში დაბრუნება. ასე რომ, ჯერ უცნობია, როდის ითამაშებს“.
ჩაკვეტაძის შესახებ ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „სპორტი იმედზე“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ილაპარაკა და განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა.
„გიორგის გუშინ ველაპარაკე. სამწუხაროდ, მან მცირე ტრავმა მიიღო. რამდენი ხანი გამოტოვებს, ჯერ არ იცის, დღეს უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო შემოწმება და ბოლომდე ზუსტად ეცოდინება“, – განაცხადა იაშვილმა,
2019 წლიდან მოყოლებული, ერთერთი უნიჭიერესი ქართველი ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას რამდენიმეჯერ შეეცადა, მაგრამ ყოველ ჯერზე ახალ ტრავმას იღებდა და ფაქტობრივად, ეს პერიოდი გაუცდა. ბოლო ოფიციალური მატჩი 2020 წლის 8 ოქტომბერს ჩაატარა და დაშავდა. ამის გამო საქართველოს ნაკრებს ვერც ნოემბრის მატჩებში და ვერც მარტის სამ შეხვედრაში დაეხმარა.