ჩაკვეტაძე იოზილის ალტერნატივად - ბექჰემისა და ზლატანის ყოფილ გუნდს ქართველის აყვანას ურჩევენ
ინტერნეტპორტალმა mlsmultiplex.com-მა ამერიკის საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთ გრანდს, „ლოს ანჯელეს გალაქსს“ გასაძლიერებლად ორი მოთამაშე ურჩია. ერთი მათგანი საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ შემტევი გიორგი ჩაკვეტაძეა, რომელიც გერმანიის ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის“ მოთამაშის, მეთუს იოზილის ალტერნატივად დაასახელეს.
საქმე ისაა, რომ გუნდი არგენტინელი კრისტიან პავონიმ დატოვა და „ბოკა ხუნიორსში“ დაბრუნდა. მან გასულ წელს „ლოს ანჯელეს გალაქსში“ 14 გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა გააკეთა.
„24 წლის პავონი „გალაქსში“ მთავარი მოთამაშე იყო და მისი წასვლა შემადგენლობაში ვაკუუმს ტოვებს. ეს ნიშნავს, რომ გუნდმა მისი შემცვლელი უნდა იპოვოს. „ლოს ანჯელეს გალაქსი“ არის გუნდი, რომელმაც ბოლო წლებში რამდენიმე დიდი ვარსკვლავი გადაიბირა – დევიდ ბექჰემი, სტივენ ჯერარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ახლა გუნდს გადაწყვეტილება აქვს მისაღები იმის შესახებ, ვინ მიიწვიოს. მათ ჯერ კიდევ აქვთ ადგილი კიდევ ერთი ისეთი მოთამაშისთვის, რომელშიც ფულის დახარჯვა შეუძლიათ. პავონის წასვლით დატოვებული ვაკუუმის შესავსებად მათ ისეთი შემტევი ნახევარმცველის დამატება უნდა სცადონ, რომელიც გულშემატკივრებისთვისაც საინტერესო ფიგურა იქნება. ამ როლში ორი მოთამაშეა გასათვალისწინებელი“, – წერს mlsmultiplex.com.
მესუთ იოზილს დიდ წარდგენა არ სჭირდება. „შალკეს“, ბრემენის „ვერდერისა“ და მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა გერმანიის ნაკრებთან ერთად 2014 წელს მსოფლიო თასი მოიგო. იოზილი „არსენალში“ ბოლო რვა წელი გამოდის და ლონდონურ კლუბში 252 მატჩში 44 გოლი გაიტანა. იგი სამჯერ დაეხმარა „მეთოფეებს“ ასოციაციის თასის მოგებაში, მაგრამ მიკელ არტეტას გუნდში ახლა მივიწყებულია და როგორც ჩანს, „არსენალს“ მალე დატოვებს. თუმცა, ამერიკელები იმასაც აცნობიერებენ, რომ ოზილის გადაბირებისას ძლიერი კონკურენტები ეყოლებათ.
რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, ის ამერიკელ გულშემატკივარს იოზილზე უცნობ, მაგრამ უფრო პერსპექტიულ მოთამაშედ წარუდგინეს.
„გიორგი ჩაკვეტაძე „გალაქსის“ უფრო ახალგაზრდა ვარიანტია. ამ გზით მათ შეუძლიათ მოიზიდონ ვინმე ახალგაზრდა და განავითარონ ის, რომ მომავალში დიდ თანხად გაყიდონ. ამერიკის ლიგას აქვს რეპუტაცია, სადაც ევროპელი მოთამაშეები კარიერის ბოლოს მიდიან, მაგრამ ახლა კლუბები ცდილობენ, პირიქით გააკეთონ. ახალგაზრდა კაცს ნათელი მომავლის იმედი აქვს და ის უკვე ბელგიაში დამკვიდრდა. მან ბოლო ორი სეზონის განმავლობაში თავი გამოიჩინა ბელგიის პირველ დივიზიონში და მალე სხვა ქვეყნების კლუბების ყურადღებას მიიპყრობს. „გენტში“ 2017 წელს „დინამო თბილისიდან“ გადავიდა და ცოტამ თუ იცოდა მის შესახებ, მაგრამ გულშემატკივრებისთვის მთავარი მოთამაშე სწრაფად გახდა. შემტევი ნახევარმცველი უკვე საქართველოს ნაკრების წევრია და 9 მატჩში 5 გოლი გაიტანა. „ლოს-ანჯელეს გალაქსიმ“ მას უნდა შეხედოს, როდესაც მნიშვნელოვან ტრანსფერს განიხილავენ. ის იოზილზე ნაკლებად ცნობილი კანდიდატია, მაგრამ მას უფრო მეტი წელი შეუძლია ითამაშოს“, – ამტკიცებს ამერიკული ინტერნეტპორტალი.
რა თქმა უნდა, ეს ერთი კონკრეტული ჟურნალისტის შეხედულებაა და 100-პროცენტიანი დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ბელგიელები 21 წლის ქართველს ამერიკაში არ გაუშვებენ. ცუდი ისაა, რომ ტრავმების გამო გიორგის მომავალს უკვე არა ევროპულ გრანდებში, არამედ ამერიკაში ხედავენ. თუმცა, იმედია, ჩაკვეტაძე ამ კრიზისს დასძლევს და ძველებურად ათამაშდება.