ჩაკვეტაძე ფორმაში შედის - ქართველი შემტევი „გენტს“ პირველ მოგებაში დაეხმარა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის ჩემპიონატში საგოლე გადაცემა გააკეთა და გუნდს მოგებაში დაეხმარა – ეს ჯუპილერ ლიგის მე-4 ტურში მოხდა, სადაც „გენტმა“ „მეხელენს“ უმასპინძლა.
„გელამკო-არენაზე“ გამართული მატჩი ბელგიის ჩემპიონატის მე-4 ტურში ჩატარდა. გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგოებში იყო და მოედანზე 76-ე წუთზე შევიდა. ამ დროისთვის მისი გუნდი 1:0-ს იგებდა. პირველ ტაიმში, 28-ე წუთზე ანგარიში შეტევაში ჩართულმა კამერუნელმა მცველმა მაიკლ ნგადეუ-ნგადუჯიმ გახსნა.
„გენტმა“ მეტოქის წინააღმდეგობა მხოლოდ 90+2-ე წუთზე დაძლია, როდესაც „მეხელენის“ კარი მეორედ ნურიო ფორტუნამ აიღო, საგოლე გადაცემა კი ჩაკვეტაძემ შეასრულა. აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც 14 წუთში საერთაშორისო პორტალმა whoscored-მა ქართველი შემტევის თამაში 10-ქულიან სისტემაში 7,1 ქულით შეაფასა.
„გენტმა“ ჩემპიონატი ცუდად დაიწყო და პირველი გამარჯვება სწორედ მე-4 ტურში მოიპოვა. ამჯერად გუნდი 4 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება. ჩაკვეტაძემ კი „გენტში“ მეორე შეხვედრა ჩაატარა და ტრავმიანობით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სასარგებლო მოქმედებით თავი პირველად გამოიჩინა.