ჩაკვეტაძე ფორმაში შედის - „გენტმა“ ქართველის ასისტით მოიგო #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძე ფორმაში შედის და უკვე მეორე შეხვედრა ჩაატარა ძირითად შემადგენლობაში, ხოლო დიდი ხნის პაუზის შემდეგ თავი საგოლე შეტევაში მონაწილეობით გამოიჩინა.
საქართველოს ნაკრების წევრი ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო „გენტის“ შემადგენლობაში და „სერკლ ბრიუგესთან“ შეხვედრაში 78 წუთი ითამაშა. ბელგიის ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩი „გელამკო არენაზე“ გაიმართა და „გენტმა“ 2:1 მოიგო.
ზედიზედ მეორე შეხვედრაა, გიორგი ჩაკვეტაძე „გენტის“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. ანგარიში 38-ე წუთზე სტუმრებმა ალეხანდრო ირანცოს გოლით გახსნეს. მასპინძლებმა წონასწორობა 63-ე წუთზე აღადგინეს – თავი ჟულიენ დე სარტმა გამოიჩინა. ხოლო გადამწყვეტი გოლი „გენტმა“ 73-ე წუთზე გაიტანა. მეტოქის კარი გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემით დარკო ლემაიჩმა აიღო და ქართველის გუნდმა 2:1 მოიგო.
მატჩამდე „გენტს“ და „სერკლ ბრიუგეს“ 8-8 ქულა ჰქონდათ და აუტსაიდერთა ზონაში იმყოფებოდნენ. კონკურენტთან გამარჯკვებით ჩაკვეტაძის გუნდმა 11 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილზე დაწინაურდა.