ჩაკვეტაძე დაბრუნდა და მოიგო - „გენტი“ კონფერენს ლიგის ჯგუფში გალიდერდა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა და კონფერენს ლიგაზე ითამაშა, ხოლო მისმა გუნდმა, ბელგიურმა „გენტმა“ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგო და ჯგუფში გალიდერდა.
ახალი ტურნირის B ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრა „გენტმა“ ბელგრადში „პარტიზანთან“ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში სერბულ კლუბს გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯა. ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე სვენს კუმსმა გაიტანა და ბელგიელებმა 1:0 გაიმარჯვეს.
ამ მატჩმა პასუხი გასცა ქართველი გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვან კითხვას – „გენტის“ შემტევი ნახევარმცველი საქართველოს ნაკრებს სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის ნიშნების გამო კოსოვოსთან ვერ დაეხმარა. მაგრამ მისი პრობლემა სერიოზული არ არის და ტრავმის შემდეგ კლუბში 80 წუთი პირველად ჩაატარა.
გიორგი მეორე ტაიმში ორჯერ შეეცადა გოლის გატანას და ორივე შემთხვევაში სახიფათოდ გაამწვავა თამაში. 50-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, ის მეურვეს გაცდა და კარში დაარტყა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. 62-ე წუთზე კი ისევ შორიდან დაარტყა და სერბები ჯერ ძელმა გადაარჩინა, შემდეგ კი ბურთი მეკარემ მოიგერია.
ამავე ჯგუფშია თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“, რომელმაც ესტონეთის „ფლორასთან“ 2:2 ითამაშა. კონფერენს ლიგის B ჯგუფში ჩატარებული სამი ტურის შემდეგ, „გენტმა“ 9 ქულა დააგროვა და ერთპიროვნულად გალიდერდა, „პარტიზანი“ 6 ქულით მეორეზეა, ფამაგუსტელებმა 1 ქულა დააგროვეს, ისევე როგორც ესტონელებმა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ბოლო ადგილზე არიან.