ძალიან სასიხარულო ინფორმაცია ქართველი გულშემატკივრებისთვის – გიორგი ჩაკვეტაძე გამოჯანმრთელდა, მოედანს დაუბრუნდა და პირველი მატჩი შესანიშნავად ჩაატარა.
მართალია, საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევმა ჯერ „გენტის“ დუბლებში ითამაშა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ უკვე გამოჯანმრთელდა და კარგად ითამაშა – 21 წლის ქართველმა შემტევმა გოლიც გაიტანა, პენალტი უნაკლოდ შეასრულა და მერე საგოლე პასიც გააკეთა.
ამის შესახებ გამოცემა voetbalprimeur-მა წერილი მიუძღვნა – „ჩაკვეტაძე „გენტის“ 21-წლამდელთა გუნდში დაბრუნდა და „მუსკრონთან“ გიგანტურ გამარჯვებას მიაღწია“. ავტორი ჩაკვეტაძის დაბრუნებასა და კარგ თამაშზე წერს.
„ამ სეზონში სარეზერვო გუნდების შეჯიბრი აღარ ჩატარდება. ამიტომ „გენტის“ ახალგაზრდულმა გუნდმა პერიოდულად ამხანაგური მატჩები უნდა ჩაატაროს. „გენტის“ 21-წლამდელებმა „მუსრონის“ თანატოლთა გუნდთან ითამაშეს და დიდი ანგარიშით დაამარცხეს – 9:2. „გენტმა“ რამდენიმე მოთამაშე ძირითადი გუნდიდან დაიმატა – დილან მბაიო და მატიზ სამოზა. თუმცა, ყველაზე დიდი საჩუქარი უეჭველად გიორგი ჩაკვეტაძე იყო, რომელიც მოედანს მძიმე ტრავმების შემდეგ დაუბრუნდა. ქართველემა დასაწყისშივე გაიტანა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. უდავოა, რომ „გენტში“ შეიძლება იმედი ჰქონდეთ, რომ ეს თამაში ჩაკვეტაძის დიდ დაბრუნებას შეუწყობს ხელს. ქართველი დიდ ტალანტად ითვლება, მაგრამ ტრავმებმა ხელი შეუშალა და ამის გამო მიმდინარე სეზონში „გენტში“ მხოლოდ ოთხი თამაში ჩაატარა“, – წერს ბელგიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შვედებთან 25 მარტს ჩაატარებს, ანუ ამ შეხვედრამდე თვე და ცხრა დღეა დარჩენილი. ეს სავსებით საკმარისი დროა, რომ ჩაკვეტაძემ ფიზიკური ფორმა აღიდგინოს და დაეხმაროს საქართველოს ნაკრებს, რომელსაც მისი თამაში აუცილებლად სჭირდება.