ჩაკვეტაძე ბათუმში თამაშს მოუთმენლად ელის - არ მინდა ამ ტრავმების გახსენება, მთავარია, ჯანმრთელად და კარგ ფორმაში ვარ #1TVSPORT
დღეს ბრატისლავას „სლოვანი“ ქართულ სამეულთან (ჯაბა კანკავა, გურამ კაშია, გიორგი ჩაკვეტაძე) ერთად საქართველოში გამოემგზავრა და 13 ივლისს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ეტაპის განმეორებით მატჩში საქართველოს ჩემპიონ ბათუმის „დინამოს“ შეხვდება.
გიორგი ჩაკვეტაძე სამშობლოში მატჩს მოუთმენლად ელის და მიუხედავად ბრატისლავაში ფრედ (0:0) დასრულებული მატჩისა, წარმატებული შედეგის სჯერა.
„22 წლის შემტევი საშინაო მატჩში ჩაერთო და მაშინვე აჩვენა, თუ რამდენად ღირებული შეიძლება იყოს „სლოვანისთვის“. ნახევარ საათზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში მან აჩვენა საინტერესო შეტევითი სვლები. გიორგი მხოლოდ 22 წლისაა, თუმცა მას საინტერესო საფეხბურთო ისტორია უკავშირდება. 2017 წელს „გენტში“ გადავიდა, მისით პრემიერ ლიგისა და ბუნდესლიგის კლუბებიც დაინტერესდნენ. 2018 წლის შემოდგომაზე, ოთხი გოლით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ქართველებმა ერთა ლიგაზე ჯგუფი მოიგეს და ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში გავიდნენ. „გენტში“ ტრავმების შემდეგ ის ბრატისლავას „სლოვანში“ თამაშის დიდი წყურვილით ჩავიდა“, – ასე ახასიათებს გიორგის სლოვაკური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი და მის კომენტარს აქვეყნებს.
„დაწყება გამიჭირდა, რადგან მანამდე გუნდთან ერთად მხოლოდ ორი დღე ვვარჯიშობდი. ჯერ არ ვიყავი 100%-ით ფორმაში. ვფიქრობ, რომ გუნდთან ერთად დამატებითი ვარჯიშის შემდეგ ჩემი გამოსვლა წინა ჯერზე უკეთესი იქნება, მათ შორის ფიზიკური თვალსაზრისითაც. ახალ კლუბში უნდა მოერგო თანაგუნდელებს და შეეგუო მათ. ჯერჯერობით კარგად ვარ და მჯერა, რომ დღითი დღე უკეთესები ვიქნებით“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა საკუთარ დებიუტზე.
ჩაკვეტაძის თქმით, ახალ გუნდში თავს ძალიან კარგად გრძნობს და მოუთმენლად ელის ახალ გამოწვევებს:
„ბიჭებმა ძალიან კარგად მიმიღეს. გუნდში თავს კარგად ვგრძნობ, ბრატისლავაც ძალიან კარგი ქალაქია. რა თქმა უნდა, აქ იმისთვის ვარ, რომ „სლოვანში“ მაქსიმალურად ბევრი ვითამაშო. ახლა კი ბათუმის „დინამოსთან“ მოგების გარდა სხვა არაფერზე ვფიქრობ“.
მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ამჟამად მაღალი ტემპერატურა არ ჭარბობს, ჰაერის ტენიანობა ოთხმოცდაათ პროცენტს აღწევს, მაგრამ გიორგის ეს არ აღელვებს:
„ვფიქრობ, რომ ეს სრულიად ნორმალურია. ჩვენ მხოლოდ მატჩზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული და არ ვიფიქროთ ამინდზე ან სხვა რამეზე. ვიცით, რომ ბათუმში ყველა ბილეთი უკვე გაიყიდა, მაგრამ სტადიონის ატმოსფერო ჩვენთვისაც სასიამოვნო იქნება. რთული დუელი გველის და კარგად ვიცით, რომ ვინც მოიგებს, შემდეგ ეტაპზეც ის გავა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამარჯვება ჩვენს დაგვრჩეს“.
ჩაკვეტაძემ „გენტში“ ტრავმიანობის პერიოდის გახსენება არ ისურვა:
„არ მინდა, ამ თემას დავუბრუნდე და მხოლოდ წინ ვიყურები. მთავარია, ჯანმრთელად და კარგ ფორმაში ვარ. მოუთმენლად ველოდები „სლოვანში“ თამაშს და მჯერა, რომ ერთად შეგვიძლია კარგ შედეგებს მივაღწიოთ. ამ დროისთვის მე მხოლოდ ერთ მიზანზე ვფიქრობ – ბათუმის „დინამოსთან“ შეხვედრაზე“.