ჩაკვეტაძე აბიდალის ობიექტივში - „ბარსელონა“ იანვარში ტრანსფერს 21 მილიონად გამოიყიდის?!
ჩაკვეტაძე აბიდალის ობიექტივში - „ბარსელონა“ იანვარში ტრანსფერს 21 მილიონად გამოიყიდის?!

მსოფლიო მედია გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ დიდ ინტერესს ავლენს. everythingbarca.com („ყველაფერი ბარსელონაზე“) წერს, რომ „ბარსელონა“ საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერში დიდი კონკურენციას წააწყდება.

„კატალონიელთა სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი ეძებს ახალგაზრდა ნახევარმცველებს, რათა პირველი გუნდის მომავალი უზრუნველყოფილი იყოს. მოძებნილი ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი საუკეთესო 19 წლის ქართველი გიორგი ჩაკვეტაძეა – თბილისის „დინამოს“ გაზრდილი ბელგიურ „გენტში“ 1.5 მილიონი ევროს საფასურად გადავიდა. 19 წლის ფეხბურთელს პრობლემების გამოსასწორებლად ძალიან ბევრი დრო აქვს. ის ძალიან პერსპექტიული მოთამაშეა და შეიძლება გახდეს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი, თუკი განვითარებას გააგრძელებს,“ – წერს გამოცემა.

თუმცა, everythingbarca.com ამტკიცებს, რომ „ბარსელონაში“ გადასვლის შემთხვევაში, გიორგის თავიდან დუბლებში ათამაშებენ – „აბიდალმა სერიოზულად უნდა განიხილოს ჩაკვეტაძის „ბარსელონა ბ“-ში გადასვლის საკითხი, სადაც მან ნახევარდაცვას უნდა უხელმძღვანელოს“.

FOX Sports-ის ინფორმაციით, „ბარსელონა“ „გენტთან“ ტრანსფერზე უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებს და მზადაა, იანვარში მისი კონტრაქტის გამოსასყიდად ხუთი მილიონი ევრო გადაიხადოს.

სხვაგვარ ინფორმაციას ფლობს გამოცემა „O Diario“ – „ბარსელონა“ ქართველს ერთი წელია აკვირდება და რომ კატალონიელმა სკაუტებმა ანდორა-საქართველოს შეხვედრის შემდეგ ქართველებიდან ერთადერთ გოლის ავტორზე დადებითი დახასიათება დაწერეს. გამოცემა ამტკიცებს, რომ გიორგი ჩაკვეტაძე „ბარსელონაში“ გადასვლა მომწიფებულია, ტრანსფერი, შესაძლოა, უკვე იანვარში შედგეს და კატალონიელებმა 21 მილიონი ევრო გადაიხადონ.

საბოლოოდ, ამ ყველაფრიდან რა დადასტურდება, რა არის ჭორი და რა – მართალი, უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.