ჭადრაკს არ აქვს რელიგია, ადამიანების დაახლოება კი შეუძლია - საქართველოს პირველი ინტერრელიგიური ჩემპიონატი გაიმართა #1TVSPORT
ჭადრაკს არ აქვს რელიგია, ადამიანების დაახლოება კი შეუძლია - საქართველოს პირველი ინტერრელიგიური ჩემპიონატი გაიმართა #1TVSPORT

ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს პირველი ინტერრელიგიური ჩემპიონატი, რომელიც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ტურნირზე სხვადასხვა რელიგიისა და კონფესიის მრევლი და სასულიერო პირები მონაწილეობდნენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივას, ჩატარდეს საქართველოს პირველი ინტეგრელიგიური ჩემპიონატი ჭადრაკში, საფუძვლად დაედო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილების შემოღების თაობაზე.

რელიგიის სააგენტომ, ინტერრელიგიურ სათათბიროსთან შეთანხმებით, მხარი დაუჭირა სამინისტროს გადაწყვეტილებას და წინადადებით მიმართა საქართველოში რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს, სურვილისამებრ ჩართულიყვნენ საჭადრაკო ტურნირში.

2 დღის განმავლობაში შეჯიბრი 7 ტურად ჩატარდა. პირველ ადგილზე საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გუნდი გავიდა, მეორეზე – სახარების რწმენის ეკლესიის ნაკრები, ხოლო მესამეზე – საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები.

ტურნირის დაწყებამდე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი გიორგაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმი ითვალისწინებს რელიგიური ორგანიზაციებში ჩართულ პირთა შორის ჭადრაკის პოპულარიზაციასა და ამ მიზნით, ჭადრაკის ყოველწლიური ჩემპიონატების ჩატარებას რელიგიურ ორგანიზაციებს შორის, ჭადრაკის სფეროში ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების განხორციელებასა და სხვა.

„ძალიან კარგი და საინტერესო ტურნირი გაიმართა, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა. ჭადრაკს არ აქვს რელიგია, ადამიანების დაახლოება კი შეუძლია. ახლა რთული პერიოდია და ადამიანებს მეტი ურთიერთობა და გახალისება სჭირდება. მიზანი კარგად ვიცით – მალე სახელმწიფო სკოლებში ჭადრაკის დანერგვას აპირებს, რაც კარგი ჩანაფიქრია“, – ამბობს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი.

ზაზა ვაშაყმაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე:

„იმედი გვაქვს, რომ ტურნირს სისტემატური ხასიათი მიეცემა. სკოლებში ჭადრაკი სავალდებულო საგანი გახდა და ტურნირი სწორედ ამის მხარდასაჭერად გაიმართა. მადლობა მინდა გადავუხადო რელიგიურ ლიდერებს, რომლებმაც ყურადღება გამოიჩინეს და ტურნირზე მონაწილეობა მიიღეს. ყველა მათგანს ჰყავს მრევლი და ტურნირში მონაწილეობა ერთი მხრივ ჭადრაკის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და მეორე მხრივ, საქართველოსთვის ტრადიციული რელიგიური ტოლერანტობის დემონსტრირება იქნება“.