ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის კლუბმა „აზმაიმ“ თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გუნდი „ნტნ“ დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მესამე ადგილისათვის ბრძოლაში „ქუთაისმა“ ფოთის „ნანა“-ს სძლია.
საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულები ლეგენდარულმა ჩემპიონებმა ნონა გაფრინდაშვილმა, მაია ჩიბურდანიძემ, ნანა იოსელიანმა, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურა აზმაიფარაშვილმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ დააჯილდოვეს.
საქართველოს 2019 წლის საკლუბო პირველობა განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. ჩემპიონატი ორ ზონად აღმოსავლეთად და დასავლეთად დაიყო და აქ 20 კლუბის 350-მდე მოჭადრაკემ იასპარეზა.
თითოეული ზონის 2 გამარჯვებული ოლიმპიური სისტემით ერთმანეთს 18-19 დეკემბერს დაუპირისპირდა.
ჩემპიონატი 9 თვის მანძილზე მიმდინარეობდა და თითოეული გუნდი დაკომპლექტებული იყო 8 მოჭადრაკით (I-II დაფა -მოზრდილები;III-IV U16; V-VI-U12; VII-VIII-U10).