ესპანეთის პროკურატურამ მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ჩაბი ალონსოს წინააღმდეგ 2.5 წელი პატიმრობა მოითხოვა. მიზეზი საგადასახადო დანაშაულია, – წერს სააგენტო „ფრანს პრესი“.
ალონსოს ბრალად 2010-12 წლებში გადასახადების დამალვა ედება. პროკურატურა მიიჩნევს, რომ ნახევარმცველმა სახელმწიფოს ორი მილიონი ევრო დააკლო. ბრალდების მხარის მტკიცებით, ალონსო საიმიჯო უფლებების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს მალავდა.
თავდაპირველად, პროკურატურამ ჩაბი ალონსოსთვის ხუთწლიანი პატიმრობა მოითხოვა, მაგრამ შემდეგ ყოფილმა ფეხბურთელმა სამი მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა გადაიხადა და ბრალდებამ სავარაუდო სასჯელი შეარბილა .
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე კვირაში გამოცხადდება.