ჩაბი ალონსო გიულერსა და მასტანტუონოს „რეალის“ სასტარტოსთვის ამზადებს #1TVSPORT

09:06, 31.07.2025

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო შეცვლის ნახევარდაცვას ჯუდ ბელინგემის არყოფნის პერიოდში. ინგლისელმა ფეხბურთელმა მხარზე ოპერაცია გადაიტანა და მისი აღდგენითი პროცესი 10-12 კვირა გაგრძელდება.

გაზეთ AS-ის მონაცემებით, ალონსო სასტარტო შემადგენლობისთვის ამზადებს არდა გიულერსა და ფრანკო მასტანტუონოს.

აღნიშნავენ, რომ თურქმა ფეხბურთელმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე დაამტკიცა, რომ შეუძლია, იყოს ძირითადის წევრი და „რეალის“ მწვრთნელები მზად არიან, მას ნდობა გამოუცხადონ.

მეორე ცენტრალურ ნახევარმცველად ჩაბი ალონსო მასტანტუონოს ხედავს. ამასთან, არგენტინელი „რეალს“ მხოლოდ 14 აგვისტოს შეუერთდება – იმ დღეს, როცა მას 18 წელი შეუსრულდება. თუმცა ელოდებიან, რომ მის ადაპტაციას დიდი დრო არ დასჭირდება.

ვარაუდობენ, რომ ლა ლიგის პირველ მატჩებში ძირითადში ედუარდო კამავინგა ითამაშებს. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დააბრუნონ გიულერი შეტევასთან ახლოს და კამავინგას მოედნის ცენტრი ანდონ.

ასევე იტყობინებიან, რომ ბრაიმ დიასს და, განსაკუთრებით, როდრიგოს სასტარტო შემადგენლობაში თამაშის ძალიან მცირე შანსი აქვთ.

მსგავსი