CalcioMercato - კვარაცხელიასთვის პრემიერლიგის ორი კლუბი იბრძვის #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების და „რუბინის“ 20 წლის მარცხენა გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს. ქართველის ტრანსფერისთვის „ევერტონი“ და „ლიდსი“ იბრძვიან, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა CalcioMercato–ს ჟურნალისტი რუდი გალეტი ავრცელებს.
ავტორი ამტკიცებს, რომ ქართველი შემტევის სატრანსფერო რბოლაში ინგლისური „ლიდსი“ და „ევერტონი“ ლიდერობენ, ხოლო ხვიჩას გადასვლისთვის კომპენსაციის ოდენობამ შესაძლოა შეადგინოს 20-25 მილიონი ევრო.
„ეს არის დაპირისპირება „ლიდსსა“ და „ევერტონს“ შორის კვარაცხელიას გამო. ყაზანის „რუბინის“ ფორვარდი, სავარაუდოდ, მომავალ სეზონში რუსეთში აღარ დარჩება. 2001 წელს დაბადებული მოთამაშის (კონტრაქტი იწურება 2024 წელს) ტრანსფერზე გარიგება შესაძლებელია 20/25 მილიონი ევროს ღირებულებით“, – წერს ჟურნალისტი..
ხვიჩა კვარაცხელია „რუბინს“ 2019 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ყაზანური კლუბის შემადგენლობაში, 20 წლის ქართველმა ნახევარმცველმა 50 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა. 2020/21 წლების სეზონის შემდეგ კი ზედიზედ მეორედ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს.
ქართველი გარემარბით ასევე ინტერესდებიან „სევილია“ და დორტმუნდის „ბორუსია“. პორტალმა Transfermarkt 20 წლის ქართველი ფორვარდის ღირებულება ბოლო წელიწადნახევარში 2,5 მილიონი ევროდან 18 მილიონამდე გაზარდა.