„დინამო თბილისის“ მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა „ვოლფსბერგერთან“ კონტრაქტი გააფორმა. 22 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულება 2 წელზეა გათვლილი – ინფორმაციას ავსტრიული კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„ვოლფსბერგერი“, რომელის მეტსახელიც „მგლებია“, ავსტრიის ჩემპიონატის მესამეადგილოსანია და ევროპალიგის ახალ გათამაშებას ჯგუფური ეტაპიდან დაიწყებს
ავსტრიული გუნდის პრეს-სამსახური ქართველი მოთამაშის ჩასვლას გამოეხმაურა წერილით, რომლის სათაურია – „ცაცია ქართველი მგლებში“.
„ხელშეკრულება გაფორმდა ქართველ ცენტრალურ მცველთან, ლუკა ლოჩოშვილთან. 22 წლის ფეხბურთელი საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, „დინამო თბილისის“ წევრი იყო. მან ხელი ორწლიან კონტრაქტს მოაწერა. ლოჩოშვილმა, რომელსაც მარცხენა ფლანგიდანაც შეუძლია თამაში, „დინამოში“ ათი მატჩი ჩაატარა, ასევე ითამაშა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრაში „ტირანასთან“.
კარიერის დასაწყისში მან გაიარა თბილისის „დინამოს“ აკადემია და კიევში „დინამოში“ გადავიდა. იქიდან იჯარით წავიდა სლოვაკეთის კლუბ „ჟილინაში“ და ერთი სეზონის შემდეგ უკრაინაში დაბრუნდა. 2020 წლის იანვარში, მცველი „დინამოში“ უფასოდ ჩაირიცხა. 1.91 მეტრი სიმაღლის მცველი „მგლებში“ 44 ნომრით ითამაშებს,“ – წერია „ვოლფსბერგერის” ვებ-გვერდზე.
კომენტარი „ვოლფსბერგერის“ მთავარმა მწვრთნელმა ფერდინანდ ფელდოფერმაც გააკეთა: „ლუკა ახალგაზრდა მცველია, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია როგორც დაცვის ცენტრში, ასევე მარცხენა ფლანგზე. მან საერთაშორისო დონეზეც დაამტკიცა თავისი კლასი და მოხარულები ვართ, რომ მასთან კონტრაქტი გავაფორმეთ. მადლობა ყველას, ვინც ამ ტრანსფერში მონაწილეობდა”.
ამ ამბავს „დინამო თბილისიც“ გამოეხმაურა: „ჩვენი გუნდი მადლობას უხდის ლუკას და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში“.
ლუკა ლოჩოშვილს „ვოლფსბერგერში“ ქართველი მოთამაშე დახვდება – ერთი თვის წინ „ვოლფსბერგერთან” კონტრაქტი გორის „დილას“ მცველმა გურამ გიორბელიძემაც გააფორმა.