ბუდუ ზივზივაძემ, რომელიც უნგრულ კლუბ „მეზოკოვეშდში“ ერთი კვირის წინ ჩაირიცხა, ქუთაისის „ტორპედოდან“ წასვლაზე კომენტარი მხოლოდ ახლა გააკეთა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში 25 წლის თავდამსხმელი წერს.
„ვეძებდი შესაფერის დროს, რომ დამეწერა დასამშვიდობებელი წერილი ქუთაისის „ტორპედოზე“ და ამავდროულად გამამხნევებელიც. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ამისთვის იდეალურია, რადგან დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ქუთაისის „ტორპედოს“ გვერდში დგომა, მართალია ფიზიკურად დახმარებას ვერ ვახერხებ, რისი ძალიან დიდი სურვილიც მქონდა, მაგრამ ფეხბურთი ისეთი სფეროა, ყოველთვის იქ არ ვართ, სადაც გვინდა.
„ტორპედოში“ გატარებული ექვსი თვე საუკეთესო პერიოდი იყო, რადგან დავინახე, თუ როგორი უნდა იყოს გუნდი ისეთ რთულ დროს როგორშიც „ტორპედო“ აღმოჩნდა. ყველა ბოლო წუთამდე ვინარჩუნებდით ერთობას – „ტორპედო“ იყო ერთი დიდი ოჯახი და მომავალშიც ასე იქნება,. მადლობა გუნდს ამ ექვსი საუკეთესო თვისთვის; რა თქმა უნდა, მადლობა კახა ჩხეტიანს და მის სამწვრთნელო სტაფს, ფეხბურთელებს, რომელთა გვერდითაც გუნდის ღირსებას ვიცავდი. მადლობა პერსონალს, რომლებიც არ ჩანან მაგრამ უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ. რა თქმა უნდა, მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის გვამხნევებდნენ. მადლობა და წარმატებები „ტორპედოს“, – წერს ბუდუ ზივზივაძე.