საშობაო პაუზის შემდეგ განახლდა გერმანიის ჩემპიონატი და ბუნდესლიგის მეორე წრის პირველივე მატჩში სენსაცია მოხდა – ჩემპიონმა და ლიდერმა „ბაიერნმა“ შინ 1:2 წააგო „გლადბახთან“, რითაც შეწყდა ოფიციალურ შეხვედრებში მისი შვიდმატჩიანი მოგებების სერია.
ანგარიში „ბაიერნმა“ გახსნა მე-18 წუთზე – რობერტ ლევანდოვსკიმ მე-20 გოლი გაიტანა ჩემპიონატში. პოლონელი პირველია TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებიდან, ვინც ეს გააკეთა. „გლადბახს“ 10 წუთიც არ დასჭირვებია ანგარიშის გასათანაბრებლად – მიუნხენელმა მცველებმა საჯარიმოში ძალიან ცუდად ითამაშეს და ნოიჰაუსს ახლოდან გაატანინეს, ოთხ წუთში კი ლაინერმა კუთხურის შემდეგ თავით გაუტანა ულრაიხს, რომელიც კარში ნოიერს ცვლიდა.
„ბაიერნში“ კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო, იულიან ნაგელსმანს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოყენება მოუწია. მათ შორის იყო 16 წლისა და 15 დღის პაულ ვანერი, რომელიც „ბაიერნის“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც ბუნდესლიგაში უთამაშია.
„გლადბახმა“ დაამტკიცა, რომ ბოლო წლებში „ბაიერნის“ ყველაზე უხერხული მეტოქეა – ბოლო 11 ოფიციალურ მატჩს თუ ავიღებთ, მიუნხენელებს უარყოფითი ბალანსი აქვთ – ოთხი მოგება, ერთი ფრე და ექვსი წაგება. ამ სეზონში „გლადბახმა“ უკვე მეორედ მოუგო რეკორდმაისტერს – პირველი გამარჯვება იყო 5:0 გერმანიის თასზე.