ბულისკერია თავისუფალი აგენტი გახდა - „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი გავწყვიტე
ბულისკერია თავისუფალი აგენტი გახდა - „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი გავწყვიტე

დემეტრე ბულისკერია თავისუფალი აგენტი გახდა და ახალ გუნდს ეძებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარემ ილაპარაკა.

„2020 წელს ქუთაისის „ტორპედოსთან“ საიჯარო ხელშეკრულება 31 დეკემბერს დამისრულდა და წამოვედი. გუნდში იჯარით ვთამაშობდი, რადგან ჩემი ტრანსფერი „ლოკომოტივს“ ეკუთვნოდა, რომელთანაც კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე იყო გათვლილი. მაგრამ ორმხრივი გადაწყვეტილებით ხელშეკრულების გაწყვეტაზე შევთანხმდით და თავისუფალი აგენტი გავხდი. ასე რომ, ახლა არცერთ გუნდთან არანაირი ვალდებულება არ გამაჩნია“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან დემეტრე ბულისკერია.

ფეხბურთელი ახალ გუნდს ეძებს და იმედოვნებს, რომ ახალ გუნდთან ერთად სეზონისთვის მზადებას მალე შეუდგება: „მე ჯერ უგუნდოდ ვარ, მაგრამ შესაძლოა, ბევრმა არც იცის, რომ თავისუფალი აგენტი გავხდი. იმედი მაქვს, მალე ახალ გუნდში მოხვდები. მანამდე კი ინდივიდუალურად ვემზადები და ვცდილობ, ელემენტარულად, ფორმა შევინარჩუნო“.

20 წლის დემეტრე ბულისკერია „დინამო თბილისის“ აღზრდილია, რომლის ფორმითაც 2017-2018 წლებში თამაშობდა. 2019 წელს თბილისის „ლოკომოტივში“ გადავიდა, ქუთაისის „ტორპედოში“ იჯარით 2020 წლის დასაწყისში ჩაირიცხა. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების მეკარე.