დემეტრე ბულისკერია ახალი სეზონიდან საქართველოს ეროვნული ლიგის მესამეადგილოსან გორის „დილაში“ ითამაშებს – ინფორმაციას გორის კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„დემეტრე ბულისკერია „დილას“ ფეხბურთელია! 21 წლის მეკარემ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა“, – წერია კლუბის განცხადებაში.
დიდი ალბათობით, 21 წლის გოლკიპერის ტრანსფერი „დილაში“ ლუკა გუგეშაშვილის ქუთაისის „ტორპედოში“ შესაძლო გადასვლას უკავშირდება.
ბულისკერია თბილისის „დინამოს“ აღზრდილია. 2017 წელს კლუბმა 17 წლის გოლკიპერს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ახალგაზრდა მეკარეს „დინამოს“ ყველა ასაკობრივ გუნდში უთამაშია და საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების კიპერი გახლდათ.
17 წლის ასაკში, მისით იტალიის სერია ბ-ს „ემპოლი“ დაინტერესდა, სადაც ბულისკერია 10 დღე ვარჯიშობდა. ამ პერიოდში იტალიიდან „დინამოში“ დაბრუნებული 18 წლის ასაკში თბილისელთა მთავარი გუნდის კარს იცავდა.
თუმცა შემდეგ მისი კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც სურდა. „დინამოს“ აღზრდილი 2019 წელს თბილისის „ლოკომოტივში“ გადავიდა, ხოლო 2020 წლის დასაწყისში იჯარით ქუთაისის „ტორპედოში“ ჩაირიცხა. იმავე წელს, ფორმის შესანარჩუნებლად უგუნდოდ დარჩენილი რეგიონული ლიგის „დიდუბეში“ თამაშსაც დათანხმდა, გასულ სეზონში კი ეროვნული ლიგა ორის თბილისის „მერანის“ ღირსებას“ იცავდა.