ბულგარული გამოცემა ევრო 2023-ზე - ფეხბურთში ქართველები აღმავლობის გზაზე არიან #1TVSPORT
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატებულ სტარტს ბულგარეთშიც გამოეხმაურნენ. გამოცემა corner.dir-ი წერს, რომ ქართული ფეხბურთი პროგრესირებს.
ევრო 2023: ესპანეთმა მასპინძელი რუმინეთი დაამარცხა, საქართველომ კი ვიცე-ჩემპიონს სიურპრიზი მოუწყო
„ტურნირის მასპინძელმა, საქართველომ ამ ასაკის (21 წლამდე) ევროპის ვიცე-ჩემპიონი პორტუგალია სენსაციურად დაამარცხა – 2:0. გიორგი გაგუამ და საბა საზონოვმა თბილისში 25 000 მაყურებელი გაახარეს. ქართველები ფეხბურთში აღმავლობის გზაზე არიან.
სათადარიგოთა სკამზე მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ვარსკვლავია და მომდევნო მატჩებს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს. პორტუგალიასთან მან მხოლოდ იმიტომ არ ითამაშა, რომ ნაკრებს მატჩამდე ოთხი საათით ადრე შეუერთდა. მან წინა ღამეს გლაზგოში, შოტლანდიასთან (0:2) ითამაშა“, – წერს ბულგარული გამოცემა corner.dir-ი.
რამაზ სვანაძის გუნდი „დინამო არენაზე“ ევრო 2023-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩს ბელგიის წინააღმდეგ 24 ივნისს, 20:00 საათზე გამართავს. თამაშზე დასასწრები ბილეთების შეძენა სპეციალურ ვებგვერდზე, under21tickets.ge-ზეა შესაძლებელი.