ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი თანამდებობას ტოვებს
ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი თანამდებობას ტოვებს

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ინგლისის ნაკრებისგან განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კაზიმირ ბალაკოვი თანამდებობიდან გადადგა.

14 ოქტომბერს სოფიაში გამართული მატჩი, სტუმართა 0-6 მოგების გარდა, ფეხბურთის მოყვარულებს ბულგარელ გულშემატკივართა რასისტული გამოხდომების გამოც დაამახსოვრდათ. სიტუაცია იქამდეც კი მივიდა, რომ მატჩი ორჯერ შეწყდა.

„მე ეროვნული ნაკრების მწვრთნელი აღარ ვარ“, – უთხრა ბალაკოვმა ბულგარულ მედიას ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) იუწყება, რომ მწვრთნელის გადადგომის მიზეზი ზემოხსენებული რასისტული ხასიათის ინციდენტი იყო, თუმცა ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურ განცხადებაში მიზეზად ნაკრების არადამაკმაყოფილებელ გამოსვლას ასახელებს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ თანამდებობა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბორისლავ მიხაილოვმაც დატოვა.