ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი - ძლიერი მეტოქეები გვყავს, მაგრამ თამაშებამდე გუნდის გაძლიერება ჩვენც შეგვიძლია #1TVSPORT 
ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი - ძლიერი მეტოქეები გვყავს, მაგრამ თამაშებამდე გუნდის გაძლიერება ჩვენც შეგვიძლია #1TVSPORT 

ბულგარეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ილიან ილიევმა კომენტარი გააკეთა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე, სადაც მისი გუნდი საქართველოს და თურქეთის გუნდებთან ერთად, ესპანეთი – ნიდერლანდების წყვილის გამარჯვებულს (ერთა ლიგაზე) დაუპირისპირდება.

„ჯგუფის მატჩებამდე დიდი დრო გვაქვს. მანამდე ერთა ლიგაზე ირლანდიასთან პლეი ოფის სერიოზული შეხვედრები გველის. შესარჩევ მატჩებში ვხვდებით პერსპექტიულ გუნდებს – თურქეთსა და საქართველოს, რომლებმაც ბოლო პერიოდში ძლიერი თაობები გაზარდეს. დრო გვაქვს, რომ დონე ავიმაღლოთ და თავი ღირსეულად წარმოვაჩინოთ.

წინა ევროშესარჩევ ციკლში 4 ქულა მოვიპოვეთ. უნდა შევეცადოთ, უფრო პოზიტიურად ვიფიქროთ. წარსულზე ლაპარაკი არ გაგვაძლიერებს. როცა მოედანზე გადიხარ, დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება, რადგან ქვეყანას წარმოვადგენთ.

ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომები, რომლებიც ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან დავუშვით. იმედი მაქვს, ლეგიონერები კლუბებში უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებენ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში არ გვექნება მწვრთნელებს საფიქრალი, იქნებიან თუ არა მოთამაშეები მატჩებისთვის კარგ ფორმაში“, – განაცხადა ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.