ბულგარელთა მწვრთნელმა „ჯვაროსნებზეც“ ისაუბრა - იმედია, საქართველოსთანაც ასე არ ვითამაშებთ #1TVSPORT
ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იასენ პეტროვმა ერთა ლიგის C 4 ჯგუფის სტარტზე ჩრდილოეთ მაკედონიასთას (1:1) ფრედ დასრულებული მატჩის კომენტარისას მეტოქის კარგი თამაში დააფასა და 5 ივნისს საქართველოსთან მოსალოდნელ შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელიც რაზგრადში გაიმართება.
პეტროვმა არასასურველი შედეგი ახსნა ზოგიერთი მოთამაშის ნერვიულობით, ასევე კლუბებში მათი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობით.
„ჩვენს გუნდს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ძალიან ნაჩქარევად მოქმედებდნენ ჩრდილოეთ მაკედონიელების წინააღმდეგ. ჩვენ გვინდოდა მოგება, მაგრამ საკმაოდ კარგი გუნდის წინააღმდეგობას გადავაწყდით და უპირატესობა მეორე ტაიმში ვერ შევინარჩუნეთ. ვიცი, რომ ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია. არასასურველ შედეგს კი იმით ავხსნი, რომ მოთამაშეები ჩქარობდნენ, რადგან მათ მოგება სურდათ.
გოლი ჩვენი შეცდომის გამო გავიდა, სრულიად უაზრო გოლი იყო. ერთმანეთის მიყოლებით ელემენტარულ შეცდომებს ვუშვებდით, მაგრამ წინ უნდა გავიხედოთ. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც არ თამაშობენ და არ არიან საუკეთესო ფორმაში. პეტკომ არ ითამაშა, ანდრეამაც, მაგრამ დაცვაში კარგად ითამაშეს. ანტონ ნედიალკოვს პრობლემა შეექმნა და ვცადეთ მისი დახმარება. საამისოდ მანაც ყველაფერი გააკეთა. საერთოდ, გუნდში ბევრ ფეხბურთელს ჰქონდა სათამაშო პრაქტიკის პრობლემები და ვერ ვიტყვი, რომ მონდომება აკლდათ.
ჩრდილომაკედონიელებს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც კარგ გუნდებში თამაშობენ, მაგრამ ჩვენი გეგმა აქტიური ფეხბურთის თამაში იყო. ფილიპ კრასტევს შეუძლია ასეთი თამაშის ორგანიზება და მასზე ფსონს ამიტომაც ვდებთ, მაგრამ ვიმეორებ, ვჩქარობდით, ამას ბოლოს ნერვიულობა დაემატა, რაც გუნდს საუკეთესო თვისებების გამოვლენაში ხელს გვიშლიდა.
ნასკო ილიევი და კიდევ ბევრი კლუბში არ თამაშობს და პრაქტიკა არ აქვს. ჩვენ კი მათ ვეყრდნობით. ვეცდებით, ისინი კონდიციებში მოვიყვანოთ და ფორმაში შევიყვანოთ. იმედი მაქვს, ასე ნერვიულად და ზედმეტი სიჩქარით კვირას საქართველოსთან მაინც არ ვითამაშებთ“, – განაცხადა იასენ პეტროვმა.