ბუფონის აგენტმა არ იცის, გააგრძელებს თუ არა ლეგენდარული მეკარე ბრწყინვალე კარიერას
ჯანლუიჯი ბუფონის აგენტი სილივანო მარტინა ლეგენდარული მეკარის კარიერის გაგრძელების პერსპექტივაზე საუბრობს.
აგენტის ინფორმაციით, 42 წლის გოლკიპერი მარტის ბოლოს „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს გამართავს და ცნობილი გახდება გააგრძელებს თუ არა ბუფონი ბრწყინვალე კარიერას.
მიმდინარე სეზონში იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ „იუვენტუსის“ შემადგენლობაში მხოლოდ შვიდი მატჩი ჩაატარა.
„არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მგონი ჯერ თვითონაც არ იცის, – ციტირებს ბუფონის აგენტის სიტყვებს Tuttosport.
ჩვენ მარტის ბოლოს კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდებით და მაშინ გაირკვევა მომავალში რას გავაკეთებთ. ის ახლა ბედნიერია. 42 წლის მიუხედავად, მისი თავდაუზოგავი შრომის, მისი სპორტული ფორმის გათვალისწინებით, ცხადია რომ საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს.
წლების წინ ამბობდა, რომ კარიერას 32 წლის ასაკში დაასრულებდა, მე კი ვუთხარი რომ დაეცადა იმ ასაკამდე და ნაადრევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებდა.
მას პარიზში შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, ბევრი შემოთავაზებაც მიიღო, მაგრამ, როცა კვლავ „იუვენტუსში“ დაუძახეს ტურინში დაბრუნდა და ეს მისი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.“- აცხადებს სილივანო მარტინა.