ბუდუ ზივზივაძე შეცვლაზე ათამაშეს - „კარლსრუე“ „დიუსელდორფს“ დაუზავდა #1TVSPORT
„კარლსრუემ“, სადაც ბუდუ ზივზივაძე თამაშობს, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში „დიუსელდორფს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 2:2.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში არ იყო, რაც დეკემბრის შემდეგ პირველად მოხდა. ბუდუ მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა.
მატჩი „კარლსრუესთვის“ ცუდად დაიწყო – 37-ე წუთზე „დიუსელდორფის“ ბერძენმა თავდამსხმელმა, ხრისტოს ძოლისმა ანგარიში გახსნა და პირველი ტაიმი სტუმრებმა მოიგეს. მეორე ტაიმის დასაწყისში (48) „კარლსრუემ“ ჟერომ გონდორფის გოლით ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ სამ წუთში „დიუსელდორფი“ ისევ ძოლისმა დააწინაურა. მასპინძლებმა წონასწორობა 63-ე წუთზე დავიდ ჰეროლდის გოლით აღადგინეს – 2:2.
„კარლსრუემ“ 22 ტურის შემდეგ 29 ქულა დააგროვა და მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა.