ბუდუ ზივზივაძე - სავსე ტრიბუნებზე ფეხბურთელებს განსაკუთრებული მოტივაცია გაგვიჩნდა
ბუდუ ზივზივაძე - სავსე ტრიბუნებზე ფეხბურთელებს განსაკუთრებული მოტივაცია გაგვიჩნდა
ბუდუ ზივზივაძემ ბათუმის „დინამოსთან“ შეხვედრის ბედი მე-80 წუთზე გატანილი გოლით გადაწყვიტა და ქუთაისის „ტორპედოს“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
 
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა მეთერთმეტე ტურში წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ლიდერების დაპირისპირებაში ქუთაისის „ტორპედომ“ მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
ქუთაისელთა თავდამსხმელმა შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ბათუმის „დინამოსთან“ მან და მისმა თანაგუნდელებმა განსაკუთრებული მოტივაციით ითამაშეს.
„დაძაბული მატჩი გამოდგა და სასიამოვნო იყო, რომ ტრიბუნები გაივსო. ფეხბურთელებს ამაზე განსაკუთრებული მოტივაციას გაგვიჩნდა. გასულ ტურებში ბევრი ქულა დავკარგეთ და დღეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. „დინამო“ მაღალი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, მაგრამ დღეს მეტოქეს ვაჯობეთ და ჩვენი გამარჯვება ლოგიკური იყო“ – ამბობს ზივზივაძე.
83-ე წუთზე ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა თავდამსხმელი შეცვალა და ის „ტორპედოს“ ფანებმა ოვაციებით გააცილეს:
„ეს ემოციური მომენტი იყო, როცა მოედნიდან გასვლისას ქუთაისელი გულშემატკივარი ჩემს სახელს სკანდირებდა. ძალიან ბედნიერი ვარ მსგავს შეხვედრაში გადამწყვეტი გოლის გატანით. მადლობა „ტორპედოს“ გულშემატკივარს ამ ემოციებისთვის!“