ბუდუ ზივზივაძე - საქართველოც უნგრეთივით პატარა ქვეყანაა და ნებისმიერი ნაკრების დამარცხება შეგვიძლია #1TVSPORT
„ბუდუ ზივზივაძემ შესანიშნავი თამაშები ჩაატარა ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებში, რომელიც B დივიზიონში დაწინაურდა. ის თავის ეროვნულ გუნდს ჩრდილოეთ მაკედონიასთან 2:0 გამარჯვებაში პასით დაეხმარა. ამას გარდა, გაიტანა ორი გოლი და თავისი ქვეყნის წარმატებისთვის ბევრი გააკეთა“, – წერს უნგრული ტელეკომპანია m4sport-ის ვებგვერდი.
ტელეკომპანიასთან „ფეჰერვარის“ ქართველმა თავდამსხმელმა არ დამალა, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უნგრეთის წინააღმდეგ თამაში სურდა და ამ ქვეყნის ნაკრები შეაქო.
„მიუხედავად იმისა, რომ ერთა ლიგაზე მძიმე კალენდარი გვქონდა, ბუნებრივია ვუყურებდი უნგრეთის ნაკრების თამაშს გერმანიისა და იტალიის წინააღმდეგ. ჩემი აზრით, მარკო როსის გუნდი ძალიან კარგია და მის მაგალითს შეუძლია დიდი სტიმული მოგვცეს საქართველოს მსგავს გუნდებს. ბედნიერება იქნებოდა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში უნგრეთთან ერთად ჯგუფში რომ მოვხვედრილიყავით.
გერმანელებთან უნგრეთის მატჩი არ მინახავს, რადგან ამ დღეს ვთამაშობდით, მაგრამ შედეგი რომ გავიგე, სულაც არ გამიკვირდა. უნგრეთმა ზაფხულში ორჯერ დაამარცხა ინგლისი, ახლა ძალიან ძლიერი გუნდია – დიდი ფეხბურთელებით. ეს ასევე გვაძლევს მოტივაციას, რადგან საქართველო, ისევე როგორც უნგრეთი, პატარა ქვეყანაა. ვფიქრობ, ჩვენც კარგი გუნდი გვყავს და ნებისმიერი ნაკრები შეგვიძლია დავამარცხოთ. საქართველოს ნაკრები შარშან გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამჯერად კონტინენტის მთავარ ტურნირზე გასვლა შეგვიძლია. იქ კი ევროშესარჩევ ჯგუფში მარკო როსის გუნდის ჯგუფში ყოფნა ძალიან გამიხარდებოდა“, – განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.