ბუდუ ზივზივაძე - მიმაჩნია, რომ „კარლსრუეში“ მეტ დროს ვიმსახურებ #1TVSPORT
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლისთან ერთად, „მიხეილ მესხი არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე ბუდუ ზივზივაძე იმყოფებოდა და 12 ოქტომბერს ტაილანდთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრამდე გუნდის მზადებაზე ისაუბრა.
„სამწუხაროდ, „კარლსრუეში“ დიდი სათამაშო დრო არ მაქვს, მაგრამ ვცდილობ, როდესაც შანსი მეძლევა, თავი გამოვავლინო. მიმაჩნია, რომ გუნდში მეტ დროს ვიმსახურებ. ნაკრები კი ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მთავარია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ბოლო მატჩში გოლი გავიტანე. უბრალოდ, ნაკრებში ყოველთვის ვცდილობ, თავი გამოვიჩინო და ბოლომდე ვიხარჯები.
სასიამოვნოა, რომ სანიოლი მენდობა და მიძახებს. მე ამ იმედებს არ გავუმტყუნებ და შევეცდები, რომ საქართველოს ნაკრებში გამოსვლით მისი იმედები ყოველთვის გავამართლო.
რაც შეეხება ტაილანდის ნაკრებს, ნამდვილად არ არის ცუდი გუნდი, ტექნიკურია, მობილურია. არ აქვს მნიშვნელობა, ოფიციალური მატჩია თუ ამხანაგური, გულშემატკივარი უნდა გავახაროთ, რადგან ესპანეთსა და ნორვეგიასთან ანგარიშის მიუხედავად, ბოლომდე გევრდში დაგვიდგნენ“, – ამბობს ბუდუ ზივზივაძე.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ტაილანდს 12 ოქტომბერს „მიხეილ მესხი არენაზე“ დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს 20:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.