ბუდუ ზივზივაძე - გამახსენდა, რომ სკოპიეში კვარაცხელიამ ზუსტად ასეთი პასი მომცა [ვიდეო] #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე - გამახსენდა, რომ სკოპიეში კვარაცხელიამ ზუსტად ასეთი პასი მომცა [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ კომენტარი გააკეთა ერთა ლიგაზე საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის (2:0) შეხვედრის შემდეგ, რომლის ნამდვილი გმირი თავად გახდა.

28 წლის თავდამსხმელმა საქართველოს ნაკრებში საუკეთესო თამაში ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გაუტანია, მეტოქეს ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა, ხოლო მეორე გოლი მისი კარგი თამაშის შედეგად გავიდა, რაზეც ხვიჩა კვარაცხელიამ სამართლიანად თქვა – „ეს თავიდან ბოლომდე ბუდუს გოლია“.

„ჩემთვის მთავარია გუნდის და ამ შემთხვევაში საქართველოს ნაკრების წარმატება. თუ გუნდი გაიმარჯვებს, ცხადია, მეც ამის მონაწილე ვარ და ჩემი წარმატებაც არის. როდესაც ჩემი პარტნიორი უკეთეს პოზიციაშია, აუცილებლად პასს გავაკეთებ.

დღეს სწორედ ასეთი რამ მოხდა. თუ გახსოვთ, მაკედონიაში იყო მომენტი, როდესაც ხვიჩამ იგივენაირად გააკეთა – პასი მომცა და გავიტანე, თუმცა, შემდეგ თამაშგარე დაფიქსირდა. მეორე გოლის მომენტში სწორედ ეს გამახსენდა და ბურთი გადავაწოდე, რადგან ის უკეთეს მდგომარეობაში იყო და ცარიელ კარში გაიტანა.

მე პირადად პირველად ვითამაშე საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ასეთ შეხვედრაში – სავსე „დინამო არენაზე“. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის სასიამოვნო იყო და ძალიან დადებითად იმოქმედა, ორმაგი ენერგია მქონდა და მოედანზე ორმაგად ვირბინე.

მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფი პირველ ადგილზე დავასრულეთ, დღეს მოვიგეთ, ამდენი ხალხი გავახარეთ და მთელი საქართველო ძალიან ბედნიერია. თუმცა, დასკვნითი თამაში გვაქვს გიბრალტართან და მნიშვნელოვანია, რომ ერთა ლიგის ბოლო თამაშშიც აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ“, – ამბობს ბუდუ ზივზივაძე.

საქართველოს ნაკრები პრინციპული მეტოქესთან ამ გამარჯვებით C4 ჯგუფის გამარჯვებული გახდა და ერთა ლიგის B დივიზიონში დაწინაურდა. ზივზივაძე სწორედ ამ ტურნირზე გახდა ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი.