„ყველფერი ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, „უიპეშტში“ სიამოვნებით დავრჩებოდი,“ – ამის შესახებ ბუდუ ზივზივაძემ უნგრულ გამოცემა m4sport-თან ისაუბრა.
ქართველმა თავდამსხმელმა ღიად დააფიქსირა, რომ „ფეჰერვარში“ (რომელსაც მისი ტრანსფერი ეკუთვნის) დაბრუნება არ სურს:
„თუ „უიპეშტი“ გადაწყვეტს ჩემი ტრანსფერის გამოსყიდვას, სიამოვნებით დავრჩები, რადგან ამ კლუბში კარგად ვთამაშობ, ბევრს ვატან და ჩემს ადგილზე აქ დარჩენა ვის არ მოუნდება“,- ამბობს ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც „ფეჰერვარში“ 12 მატჩში 2 გოლი გაიტანა, „უიპეშტში“ კი ამდენივე მატჩში – 11 გოლი.
ზივზივაძემ სეზონის სირთულეებიც ახსენა:
„ძალიან რთული სეზონი მქონდა. თავიდან შანსი არ მომეცა, მხოლოდ რამდენიმეჯერ მოვხვდი „ფეჰერვარის“ სასტარტო შემადგენლობაში. როცა „უიპეშტში“ იჯარით გადავედი, გუნდმა მომცა შანსი და ვცდილობდი, მადლობა კარგი თამაშით გადამეხადა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის, გუნდმაც ძალიან კარგად ითამაშა და ამ შედეგს ერთად მივაღწიეთ“.
ქართველი თავდამსხმელი მიიჩნევს, რომ „უიპეშტმა“ (რომელიც უნგრეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია) მიუხედავად იმისა, რომ ევროსაგზური ვერ მოიპოვა, სეზონი მაინც კარგად დაასრულა:
„ჩემი გადმოსახედიდან, ეს რთული პერიოდი კარგად დავასრულეთ. იმის გათვალისწინებით, რომ მეორე წრე ბოლო ადგილიდანაც დავიწყეთ“.