ბუდუ ზივზივაძე - ბედნიერი ვარ, რომ გუნდს ჩემი გოლით დავეხმარე #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძემ ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში თავისი პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. რაზგრადში ბულგარეთს უნგრეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეულმა თავდამსხმელმა მესამე გოლი გაუტანა, რაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გარდამტეხი მომენტი იყო.
27 წლის თავდამსხმელის აზრით, გუნდმა უხერხულ მეტოქესთან გასვლაზე ეს დამაჯერებელი გამარჯვება დაიმსახურა.
„მივულოცავ საქართველოს გამარჯვებას. მადლობას ვუხდი გულშემატკივარს, რომელიც ამხელა გზაზე ჩამოვიდა და 90 წუთის განმავლობაში გვამხნევებდნენ.
რაც შეეხება თამაშს და გამარჯვებას უშუალო კონკურენტთან, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა და ამით ბედნიერები ვართ. მე ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით და ჩემი გუნდით, რადგან დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ.
ძალიან ორგანიზებულები ვიყავით როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ და ვფიქრობ, რომ ამ შედეგს დამსახურებულად მივაღწიეთ. ჩემს გოლს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, გუნდს ჩემი გოლით რომ დავეხმარე.
წინ რთული თამაშები გვაქვს და სწრაფად უნდა მოვახერხოთ ძალების აღდგენა და შემდეგი თამაშებისთვის უნდა მოვემზადოთ“, – განაცხადა ზივზივაძემ.