ბუდუ ზივზივაძემ უარყო გავრცელებული ხმები, რომლის თანახმადაც ქუთაისის „ტორპედოდან“ მიდის. თავდამსხმელის თქმით, ქუთაისური გუნდის პრინციპული მეტოქის, თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში გადასვლას არ აპირებს და გუნდში ვითარების გამოსწორების იმედი აქვს.
„კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა ამასთან დაკავშირებით გუნდის ოფიციალურ გვერდზე საგანგებო განცხადება გაავრცელა.
„ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, კარიერა თბილისის „დინამოში“ გავაგრძელო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თბილისურ კლუბთან შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებ. „ტორპედოს“ ფეხბურთელი ვარ, კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს და გუნდთან ერთად უახლოესი მატჩებისთვის ვემზადები. იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში „ტორპედოში“ სიტუაცია რადიკალურად გამოსწორდება და ის პრობლემები, რომელიც ახლაა, წარსულს ჩაბარდება“, – აცხადებს ბუდუ ზივზივაძე.